ვაჩნაძე დავით (დათა) ვლადიმერის ძე (4. VIII. 1884, სოფ. დიდი ლილო, – 23. I. 1962, მიუნხენი, გერმანია), პოლიტიკური მოღვაწე. 1894–1902 სწავლობდა თბილ. კადეტთა კორპუსში. 1904 დაამთავრა პეტერბურგის სამხ. სასწავლებელი. 1904–05 მსახურობდა მესანგრეთა ბატალიონში თავდაპირველად ვარშავაში, ხოლო 1905–07 – თბილისში. 1907-იდან მსახურობდა დაღესტანში. პირადი სურვილით სამხ. სამსახურს თავი დაანება, თბილისში დაბრუნებული ჩაება საზ. და სამეურნეო საქმიანობაში. 1909–10 მონაწილეობდა სას.-სამ. და საკრედიტო კოოპერაციის საქმიანობაში. სოფ. ლილოში დააარსა მერძევეობის ამხანაგობა „ლილო”, იყო თბილ. სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკთან არსებული საადგილმამულო კომისიის წევრი. კომისია მიზნად ისახავდა უცხ. კოლონიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას. 1912 რ. გაბაშვილთან ერთად დააარსა ეროვნ. მიმართულების ჟურნ. „კლდე”. 1914–15, პირველი მსოფლიო ომის დროს, მონაწილეობდა სპეც. რაზმის ჩამოყალიბებაში, რ-ის დანიშნულება იყო თურქ. ფრონტის ახლომახლო მდებარე სოფლებში მცხოვრებ ქართვ. მაჰმადიანთა დაცვა. 1915-იდან მიიწვიეს საადგილმამულო კომისიის მდივნად [გარდაცვლილი ა. ყიფშიძის (ფრონელის) ნაცვლად]. ვ. იყო საზღვარგარეთ შექმნილი საქართვ. დამოუკიდებლობის ეროვნ. კომიტეტის აქტ. მოღვაწე. 1915, ჟურნ. „კლდის” დახურვის შემდეგ, სხვა ქართვ. ნაციონალისტებთან ერთად გამოსცა გაზ. „საქართველო”, რ-იც შემდეგ ეროვნ.-დემოკრ. პარტიის ორგანო გახდა. ვ. ამ პარტიის ცკ-ის წევრი იყო. მან აქტ. როლი შეასრულა ქართ. ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. 1917 ნოემბერში შევიდა საქართვ. ეროვნ. საბჭოს შემადგენლობაში. 1918 გაზაფხულზე ვ-მ იშუამდგომლა იმ დროს თბილისში მყოფ გრაფ შულენბურგთან და მისი ნებართვით ჩამოაყალიბა გერმ. ტყვეთაგან შედგენილი შეიარაღებული 1200-კაციანი რაზმი, რ-მაც დიდი როლი შეასრულა თურქების შემოტევის შეჩერებაში. 1918 წ. 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ, ვ. საქართვ. პირველი პარლამენტის წევრი გახდა. 1918, სომხეთთან ომის დროს, სამხ. მინისტრმა გ. გიორგაძემ ვ. მიიწვია ქართ. ჯარის სასწრაფო მობილიზაციისა და სხვა საკითხთა მოსაგვარებლად, მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1921 თებერვალში საბჭ. რუსეთის აგრესიისაგან საქართველოს დასაცავად 400-კაციანი მოხალისეთა რაზმი შეადგინა. საქართველოს რესპ. მთავრობის ემიგრაციის შემდეგ ვ. სამშობლოში დარჩა, ქ. ჩოლოყაშვილს დაუკავშირდა და ბრძოლა გააგრძელა. 1922 დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მონაწილეობდა იმ ჯგუფის საქმიანობაში, რ-საც უნდა შეემუშავებინა „საქართველოს პარტიზანთა შტაბის” შექმნის გეგმა. 1922 დიდი წვლილი შეიტანა ხევსურეთის აჯანყების მომზადებაში. 1923 გაზაფხულზე, „სამხედრო საიდუმლო შტაბის” ჩავარდნის შემდეგ, იატაკქვეშეთში გადავიდა. 1923 ეროვნ.-დემოკრ. პარტიის ცკ-ის დავალებით თურქეთში გაემგზავრა მთავრობისათვის დახმარების სათხოვნელად, მაგრამ ეს ცდა უშედეგოდ დამთავრდა. 1924 აგვ. აჯანყების გამო იქვე ჩარჩა, 1926 ოქტ. პარიზში ჩავიდა. 1926–37 იყო „ეროვნ.-დემოკრ. პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს” წევრი. 1937 დატოვა პარტია. II მსოფლიო ომის (1939–45) დროს, გერმანიის მიერ სსრკ-ზე თავდასხმის შემდეგ, საქართველო-კავკასიის საკითხის გასარკვევად ბერლინში ჩავიდა და შეხვდა გრაფ შულენბურგს. მოლაპარაკების საგანი იყო ქართვ. ტყვეების და საქართველოს მომავლის საკითხი, მაგრამ ვ-ის მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. 1943 ავსტრიაში დასახლდა, ომის შემდეგ კი – მიუნხენში. ვ. აქტიურად თანამშრომლობდა ქართ. ემიგრანტულ ჟურნალ-გაზეთებთან [გაზ. „საქართველო” (ბერლინი), გაზ. „საქართველოს დამოუკიდებლობა” (პარიზი), „კავკასიონი” (პარიზი), „ქართული აზრი” (ნიუ-იორკი)].
თხზ.: ქართული სილუეტები, მიუნხენი, 1954; Грузия между Севером и Югом с древнейших времен до наших дней, Париж, 1936; Грузинские силуэты, Мюнхен, 1955.
ლიტ.: უ რ უ შ ა ძ ე ლ., ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, თბ., 2005; შ ა რ ა ძ ე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, ნაწ. 3, თბ., 1982.
გ. ნარსია