ვაჩნაძე ვახტანგ დიმიტრის ძე (დ. 20. VI. 1929, ქ. ბობრუისკი, ბელორუსია), ინჟინერ-მექანიკოსი, კ. ციოლკოვსკის სახ. კოსმონავტიკის აკად. ნამდვ. წევრი (1998). საშ. განათლება მიიღო თბილისში. 1953 დაამთავრა ს. ორჯონიკიძის სახ. მოსკ. საავიაციო ინ-ტი და მუშაობა დაიწყო ქ. კალინინგრადის (მოსკ. ოლქი, ამჟამად ქ. კოროლიოვი) სამეცნ.-კვლ. ინ-ტის საკონსტრუქტორო ბიუროში. 1964–66 ვ. იყო ამავე საკონსტრუქტორო ბიუროს რეაქტიული ძრავების წარმოების საამქროს უფროსი, 1966–74 – ექსპერ. მანქანათმშენებლობის ქარხნის მთ. ინჟინერი; 1974 დანიშნეს სსრკ საერთო მანქანათმშენებლობის სამინისტროს მესამე მთ. სამმართველოს უფროსად და კოლეგიის წევრად, 1977–91 იყო სამეცნ. საწარმოო გაერთიანება ,,ენერგიის” გენ. დირექტორი. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში აიგო კოსმ. ხომალდები ,,სოიუზი” და ,,პროგრესი”, ორბიტული სადგური ,,სალუტი” და ორბიტული კომპლექსი ,,მირი”. ვ-ს დიდი წვლილი მიუძღვის კოსმოსთან დაკავშირებულ როგორც სამხ., ასევე სამეცნ. კვლევების განვითარებაში. მომდევნო პერიოდში ვ. ქ. კოროლიოვში არსებული კოსმონავტიკის კომერციულ-ტექ. ცენტრის ,,კოსმოსის” გენ. დირექტორია და პარალელურად ეწევა პედ. მოღვაწეობას მოსკ. საავიაციო ინ-ტში. ამჟამად ამავე ცენტრის საპატიო კონსულტანტია. არის ლენინური (1960) და სსრკ სახელმწ. (1989) პრემიების ლაურეატი. რაკეტულ-კოსმ. პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობისა და ხელმძღვანელობისათვის მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები და ორდენები. არის ქ. კოროლიოვის საპატიო მოქალაქე (2005).
ლ. დოლიძე