ვაჩნაძე მერაბ დიმიტრის ძე

ვაჩნაძე მერაბ დიმიტრის ძე (დ. 27. VI. 1948, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (2001). 1973 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1974-იდან დაიწყო პედ. მოღვაწეობა თსუ-ში. კითხულობდა საქართველოსა და რუსეთის ისტ. კურსებს. 1997–2005 იყო თსუ-ის ისტ. ფაკ-ტის დეკანი, 1995–2004 – თსუ-ის მოსამზადებელი ცენტრის დირექტორი, 1999–2005 – თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტის სამეცნ. საბჭოს თავ-რე, 2002–06 – რუს. ისტ. კათედრის გამგე, 2008–11 წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტის პროფესორი. ვ. იკვლევს საქართვ. და რუს. ახ. და უახლეს ისტორიას (XIX–XX სს.), ქართ. პოლიტ. აზრისა და საქართვ. პოლიტ. პარტიების ისტორიას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობისა და საქართვ. საგარეო-პოლიტ. ორიენტაციის ისტორიას. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო საქართვ. უახლესი ისტ. (XX ს. 90-იანი წწ.) შესწავლა. ვ. არის საშ. სკოლის VII–XI კლასების საქართვ. ისტ. სახელმძღვანელოს, საქართვ. და რუს. ისტ. საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების თანაავტორი, მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).

თხზ.: საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, თბ., 1998; ქართული სოციალ-დემოკრატიის ისტორიის საკითხები (1892–1921), თბ., 1998; ქართული სოციალ-დემოკრატიის ისტორია (1892–1918), თბ., 1999; საქართველოს ისტორია (XX საუკუნე), თბ., 2003 (თანაავტ.); რუსეთის ისტორია (IX–X სს.), თბ., 2003.