გრაკალი (ძვ. ქართ. წყაროებში – „გარკალი"), სოფელი კასპის მუნიციპალიტეტის დოესის თემში (შიდა ქართლის მხარე), მტკვრის მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 540 მ, კასპიდან 22 კმ, გრაკლიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 1 კმ. 135 მცხ. (2002).
სოფელი დასახლებული ყოფილა უძველესი დროიდანვე, რასაც ადასტურებს აქ მიკვლეული შუა და გვიანდ. ბრინჯაოს ხანის სამარხები. გ. დას. და აღმ. საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობდა და უძველესი ქართ. სახელმწიფოებრივი გაერთიანების წარმოქმნიდანვე მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართვ. ბარის სოც.-ეკონ. და პოლიტ. ცხოვრებასთან.
წერილობით წყაროებში გ. პირველად მოხსენიებულია რკონის ღვთისმშობლის მონასტრისადმი კახა თორელის მიერ დაწერილ ანდერძში, საიდანაც ირკვევა, რომ უფრო ადრეულ ხანაშიც იგი თორელთა საძვალე მონასტრის – რკონის – კუთვნილება ყოფილა.
გ. იხსენიება აგრეთვე მცხეთის საკათოლიკოსო მამულების სიაში. სოფელი დიდად დაზარალდა XIV ს-ში, თემურლენგის შემოსევების დროს. თორელთა საგვარეულოს პოლიტ. ასპარეზიდან ჩამოცილებისა და საქართველოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ (XV–XVI სს. მიჯნა) გ. ეკუთვნოდა რკონის მონასტერს, ხოლო XVI–XVIII სს-ში – ამილახვრებს.
გვიანდ. ფეოდ. ხანაში ადმ.-ტერ. დაყოფით სოფელი შედიოდა ზემო ქართლის მემარჯვენე სადროშოში, რ-საც ამილახვრები სარდლობდნენ. ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.) გ. მოხსენიებული აქვს ხოვლის ხევში.
ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუს. მმართველობის დამყარების შემდეგ, მაშინ, როცა XIX ს. 30-იან წლებში ამილახვართა სათავადოც მოიშალა, სოფელი თბილ. გუბ. გორის მაზრაში შევიდა.
გ-ში რკინიგზის სადგურთან, სასაფლაოზე, რიყის ქვით ნაგები ეკლესიის ნანგრევებია. აქვეა დიდი ზომის ნატეხი ქვებით ნაგები მეორე დარბაზული ეკლესიის ნანგრევები (ორივე გვიანდ. შუა საუკ. თარიღდება).
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; ჟორდანია თ., ქრონიკები..., წგ. 2, ტფ., 1897.
კ. კახაძე
ჯ. გვასალია