ვაჩნაძიანი

ვაჩნაძიანი, სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), გომბორის ქედის ჩრდ.-აღმ. კალთაზე, გურჯაანი – თელავის საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: ვ., კახიფარი). ზ. დ. 560 მ, გურჯაანიდან 18 კმ, რკინიგზის სადგურ ვაჩნაძიანიდან 1,5 კმ. 2,1 ათ. მცხ. (2002). ვ-ში არის ღვინის ქ-ნა, გ. მაისურაძის სახ. სოფლის ისტორიის მუზეუმი. ვ. პირველად იხსენიება 1822 თელავის მაზრის შემადგენლობაში. 1841 თელავის მაზრის საპოლიციო უბანს ეკუთვნის. 1865 ვ-ში შექმნეს სასოფლო თემი, რ-შიც შევიდა სოფლები: ვ., აკურა, ბუშატი. 1902 კი მას მიემატა სოფლები – ვანთა და კალაური. 1888 საქართველოში საუბნო მმართველობის ხელახალ შემოღებასთან დაკავშირებით, ვ. წინანდლის საპოლიციო უბანში მოექცა. 1930 მაზრებად დაყოფა გაუქმდა და ვ. გურჯაანის რაიონს გადაეცა. XX ს. 30-იან წლებში სოფელს დაერქვა შ რ ო მ ა. ძვ. სახელწ. „ვაჩნაძიანი” დაუბრუნდა 1990. სოფელი და მისი მიდამოები მდიდარია სხვადასხვა ეპოქის ხუროთმოძღვრული და მატერ. კულტურის ძეგლებით. შუა სოფელში ე. წ. „მღვრიე ხევის” მარჯვ. მხარეს დგას წმ. გიორგის (ამიდასტურის) სამეკლესიანი ბაზილიკა. ნაგებია თანაბარი ზომის დიდი რიყის ქვებით. კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები – კუთხეები, თაღები და სხვ. შირიმის ქვით და აგურითაა ამოყვანილი. გ. ჩუბინაშვილი მას ნეკრესის სამეკლესიანი ბაზილიკის ანალოგიურად მიიჩნევს და VI ს. დასასრ. და VII ს. დასაწყისით ათარიღებს. ეკლესიის ირგვლივ წინაქრისტიანული ხანის მრავალი სამარხია, რ-ებშიც ნაპოვნია ბრინჯაოს ნივთები, თიხის ჭურჭელი, სამკაულები. ეკლესიას გარს ერტყა გალავანი (შემორჩენილია ფრაგმენტები). მისგან სამხრ-ით, დაახლ. 20 მ-ზე მიწის პირზე ძვ. საძირკვლის ნაშთია. მოსახლეობა მას „სვეტიცხოველს” უწოდებს. როდესაც გ. ჩუბინაშვილმა მოინახულა (1920–22), იგი უკვე დანგრეული იყო. მკვლევარი აღნიშნავს, რომ ეს ძეგლი სოფ. ვაზისუბანთან მდებარე დავითიანის ეკლესიის გეგმას იმეორებს და VII ს-ით ათარიღებს მას. ეკლესიის სახელწოდებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, სოფელი დროის გარკვეულ მონაკვეთში, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ეკუთვნოდა მცხეთის საკათოლიკოსოს, დაახლ. XIV ს-მდე. ამ დროისათვის აქ უკვე ჩანან ადგილ. ფეოდალები – ვაჩნაძეები და ჯანდიერები. სოფლის შუაში მოსახლე ე. სულაძის ეზოში ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევებია, მას ოღლიანთ ან სულაძიანთ უსანეთს უწოდებენ. სოფლის სამხრ-ით, თელავი–გურჯაანის გზიდან 1,5 კმ-ზე, ადგილ „გუჯაურებში” შემორჩენილია, ე. წ. „ვაჩნაძიანთ პალატების” ნანგრევები. რიყის ქვით და აგურით ნაგები შენობა ორსართულიანი იყო. I სართული სამეურნეო დანიშნულებისაა, II – საცხოვრებელი. მის აღმ-ით სამნავიანი ბაზილიკაა, რ-ის მახლობლად ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია დგას (რესტავრირებულია XIX ს-ში თავად ლ. ჯანდიერის მიერ). გ. ჩუბინაშვილი მას VIII–IX სს-ით ათარიღებს. კომპლექსის ირგვლივ გალავნის ნაშთია. მოსახლეობაში შემონახულია გადმოცემა იმის შესახებ, თითქოს აქ სას. სასწავლებელი იყო. სწავლადამთავრებულებს შემდეგ ათონში აგზავნიდნენ, აქ უსწავლია ჩახრუხაძესაც. „გუჯაურებში” გვიანდ. შუა საუკუნეების კიდევ მრავალი ძეგლია შემორჩენილი, მ. შ. რიყის ქვით ნაგები ერთნავიანი ეკლესიები: ზურიას ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია (ეს იყო სოფლის უკანასკნელი მოქმედი ეკლესია). სოფლის დას-ით კიდევ ერთი ეკლესიის ნანგრევია. აქვეა ადგილ. აზნაურის საცხოვრ. კომპლექსის ნაშთი, რ-ის ძირითადი ნაგებობებია ოთხსართულიანი კოშკი და მის გვერდით მდგომი წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია. მოპირდაპირე მხარეს ადგილ „საჯოგეში” ე. წ. საჯოგის კოშკის ნანგრევებია, მის აღმ-ით, დაახლ. 50 მ-ზე, ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევებია. კოშკები გამიჯნული არის „ბრმა ხევით”. სოფლის ჩრდ-ით 2 კმ-ზე ადგილ „ულენჯიანში” დიდი ლოდებით ნაშენი სამნავიანი ბაზილიკის ულენჯიანის უსანეთის ნაშთია (მის ირგვლივ მუხნარი იყო, რ-იც გაჩეხეს და ვაზი გააშენეს). სოფლის სამხრ-ით, დაახლ. 8 კმ-ზე, ვაჩნაძიანის ყველაწმინდის სამონასტრო კომპლექსია. სოფლის მუზეუმში ინახება გვიანდ. ბრინჯაოს – ადრინდ. რკინის ხანის ბრინჯაოს ცული.

თ. ტატიშვილი

ზ. ცინცაძე