ვაჭრები

ვაჭრები, საზოგადოების სოციალური ფენა. ვ. საქონელს ყიდულობენ არა საკუთარი მოხმარებისათვის, არამედ გასაყიდად – მოგების მიღების მიზნით. პირველყოფილი თემური წყობილების დაშლის პროცესში გაჩნდნენ შუამავლები, რ-ებიც შემდგომ კლასობრივ საზ-ბაში სოც. სტრუქტურის აუცილებელ ელემენტებად, ვ-ად ჩამოყალიბდნენ. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი  ვ-ის სოც. ფენა ანტ. პერიოდში შეიქმნა. ფეოდალიზმის ეპოქაში აქ იყვნენ როგორც თავისუფალი ვ., ისე პირადთავისუფლებაწართმეული ყმა ვ. ერთიანი ფეოდ. მონარქიის ხანაში დიდვაჭრები გაძლიერდნენ და ქვეყნის ეკონ. ცხოვრებაში გარკვეული პოლიტ. პრივილეგიებიც მოიპოვეს – ისინი ასრულებდნენ მნიშვნელოვან სახელმწ. დავალებებს საგარეო ურთიერთობის სფეროში (ელჩობა, დაზვერვა, ინფორმაცია). ასე მაგ., თბილისელ დიდვაჭარს ზანქან ზორაბაბელს დაევალა ისეთი მნიშვნელოვანი საქმე, როგორიც იყო თამარ მეფისათვის საქმროს ჩამოყვანა რუსეთიდან. ვ-ს, სავარაუდოდ, თავიანთი კორპორაციები ჰქონდათ, რ-ებსაც ალბათ სათავეში ვ ა ჭ ა რ თ უ ხ უ ც ე ს ე ბ ი (იხსენიება „ვეფხისტყაოსანში”) ედგნენ. XII–XIII სს. შემდეგ დიდვაჭართა სოც. სტატუსი განისაზღვრა მაგ., ბექა-აღბუღას სამართალში, რ-ის მიხედვით „საპატიო ვაჭარი” წვრილ აზნაურს უტოლდებოდა. XVIII ს. სამართლის წიგნის მიხედვით (ვახტანგ ბატონიშვილის სამართალი) ვ. წარმოადგენდნენ უკვე წოდებას და იყოფოდნენ 4 სოც. კატეგორიად: 1. დიდებული დიდვაჭარი მოქალაქე, 2. დიდებული ვაჭრის ქვემო საფეხურზე მდგომი მეორე ვაჭარი, 3. შუა ვაჭრის ქვემოთ მდგომი მესამე ვაჭარი, 4. მეოთხე ვაჭარი. მათგან პირველი უტოლდებოდა შუა აზნაურს, უკანასკნელი კი – გლეხს. XVIII ს-ში საქართველოს ვ. ეკონომიკურად მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული მახლობელი აღმ. ქვეყნების მსხვილ სავაჭრო ცენტრებთან (შემახა, ბაქო, განჯა, ისპაანი, ერევანი, არზრუმი, სმირნა, კონსტანტინოპოლი და სხვ.). თბილისელი ვ. აღებ-მიცემობას ეწეოდნენ აგრეთვე ინდოეთსა და ბუხარაში. ერეკლე II-ის მიერ ვაჭარ რაფიელ დანიბეგაშვილის მივლინება ინდოეთში სხვა მოვალეობასთან ერთად კომერციული ურთიერთობის გააქტიურებასაც ისახავდა მიზნად. XVIII ს. 50-იანი წლებიდან, „დარიალის გზის” აღდგენის შემდეგ, საქართვ. ვ. აქტიურად გადიოდნენ რუს. ქალაქებში (მოზდოკი, ყიზლარი, ასტრახანი), რ-თა მეშვეობით ისინი ნიჟნი-ნოვგოროდსა და მოსკოვს უკავშირდებოდნენ. შესამჩნევად იზრდებოდა საქართვ. ვ-ის ფულადი კაპიტალი. 1827 წელს 6 თბილისელი ვაჭრიდან თითოეულს 50000 მანეთზე მეტი ფულადი კაპიტალი ჰქონდა. 1845 მხოლოდ რუს. საქონლით მოვაჭრე 63 თბილისელი ვაჭრიდან 19-ს 50000-იდან 30000-მდე, ხოლო 44-იდან თითოეულს 10000-იდან 40000 მანეთამდე ფულადი კაპიტალი გააჩნდა. ზოგიერთი ვაჭარი კაპიტალს აბანდებდა მრეწველობაშიც, რაც გზას უხსნიდა სამრეწვ. კაპიტალის განვითარებას. 1820–24 ვაჭარმა მიხეილ სარაჯიშვილმა დააარსა ტყავის ქ-ნა; 1839–46 მოქმედებდა მდიდარი ვ-ის – იაკობ ზუბალაშვილის (იხ. სტ. ზუბალაშვილები), დავით ტერგუკასოვის, დავით თამამშევისა და ტარიელ ლორის-მელიქოვის შაქრის ქ-ნა, აგრეთვე დავით თამამშევის ტყავის ქ-ნა, ლორის-მელიქოვისა და მეღვინოვის საპნის ქ-ნები, ზუბალაშვილისა და ვატმანის არყის სახდელი ქ-ნა, ხატისოვების სანთლისა და საპნის ქ-ნები და სხვ. 1872 თბილისელმა ვ-მა დააარსეს თბილ. კომერც. ბანკი. XIX–XX სს. მიჯნაზე საქართვ. ვაჭრობის ორგანიზაციაში ცვლილებები მოხდა. შეიქმნა რამდენიმე სამრეწვ. სააქციო საზ-ბა, რაც სავაჭრო კაპიტალისთვის დამოუკიდებელი მდგომარეობის დაკარგვასა და სამრეწვ. კაპიტალის აგენტად გადაქცევას გულისხმობდა. საქართველოში საბჭ. ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოისპო ბურჟუაზიის კლასი და მისი შემადგენელი ვაჭართა სოც. ფენა.

ლიტ.: გ უ გ უ შ ვ ი ლ ი  პ., საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX–XX სს. მონოგრაფიები, ტ. 1–6, თბ., 1949–79;  ო რ ჯ ო ნ ი კ ი ძ ე  ე., ვაჭრობა და ვაჭართა ფენა რეფორმამდელი ხანის საქართველოში, თბ., 1974; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5, თბ., 1970.

ე. ორჯონიკიძე

ლ. ტუხაშვილი