დაბრმავება

დაბრმავება, (სამართ. ისტ.), 1. დამასახიჩრებელი სასჯელი მონათმფლობელურსა და ფეოდალურ სამართალში.

ძვ. ქართ. ისტ. წყაროებში ამავე მნიშვნელობით იხმარებოდა ,,მბნელობლობა" და ,,სიბრმით დასჯაც", რაც ორივე თვალის დაბნელებას (ამოთხრას ან ამოწვას) გულისხმობდა. ასე სჯიდნენ დამნაშავეს ,,საპატიჟო" ან მოსარიდებელ ადგილას (სალარო, ეკლესია) ქურდობისა და ღალატისათვის.

სასჯელის აღსასრულებლად საჭირო იყო ხელისუფლის დასტური. ქართ. სამართ. წიგნებიდან დ-ს ითვალისწინებდა ბექა-აღბუღას სამართ. წიგნზე დართული კანონიკური სამართალი (მ. 167) და ბაგრატ კურაპალატის სამართალი (მ. 152).

2. დანაშაული. ქართ. სამართლის წიგნების მიხედვით, დამნაშავეს ეკისრებოდა ქონებრივი სასჯელი დაზარალებულის სოც.- წოდებრივი მდგომარეობის შესაბამისად. საზღაურის ოდენობა სამართ. წიგნებში ერთნაირად არ იყო განსაზღვრული.

ვახტანგ VIის სამართლით (მმ. 44–45) ცალი თვალის დაშავებისათვის დაწესებულია ,,კაცის მესამედი სისხლი", მხედველობის სრულიად დაკარგვისათვის კი – ,,მთელი სისხლი". [იხ. სტ. ,,სისხლი" (სამართლის ისტორია)].

ლიტ.: დ ო ლ ი ძ ე  ი., ძველი ქართული სამართალი, თბ., 1953; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 2, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 6).

მ. კეკელია