გრანჟე (Granger) ლუი (XVII ს.), ფრანგი მისიონერი, იეზუიტთა ორდენის წევრი.
გ. 1614, სტამბოლში მოღვაწე საფრანგეთის ელჩის ხელშეწყობით, გამოემგზავრა სამეგრელოში კათოლიკობის გასავრცელებლად. მოგზაურობის ანგარიშში, რ-იც მან 1615 მოქვიდან იეზუიტების ორდენის გენერალს კლავდიო აკვავივას გაუგზავნა, აღწერილია შავიზღვისპირეთის მოსახლეობის ეთნ. შემადგენლობა სტამბოლიდან გურიამდე, ის ენები, რ-ზეც იმ დროს მეტყველებდა ეს მოსახლეობა; გურიისა და სამეგრელოს მთავრებთან შეხვედრები და ამ შეხვედრისას ადგილ. ფეოდ. და სას. არისტოკრატიასთან წამოჭრილი სასაუბრო თემები (უპირატესად სარწმუნოების საკითხებზე). აღწერილია აგრეთვე შეხვედრა დას. საქართველოში მყოფ კახეთის მეფე თეიმურაზ I-თან, რ-საც გ. „თებრიზ-ხანს" უწოდებს.
ლიტ.: თ ა მ ა რ ა შ ვ ი ლ ი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ., 1902; Полиевктов М. А., Европейские путешественники XIII─ХVIII вв. по Кавказу, Тфл., 1935.
გ. ჟორდანია