ვახტანგ ბატონიშვილი (ბაგრატიონი)

ვახტანგ ბატონიშვილი (ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი), იმერეთის მეფის ალექსანდრე II-ის ძე. თავისი უფროსი ძმის, იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის მმართველობის პირველ წლებში უკმაყოფილო ვ. ბ. ამალით ქართლს გაიქცა. მეფე დაედევნა და 1512 მოხისთან დაამარცხა იგი. ქართლის მეფის დავით X-ის შუამდგომლობით ძმები შერიგდნენ. შემდეგში ვ. ბ. მეფის პოლიტიკის ერთგული მიმდევარი იყო. 1547, როდესაც ოსმალები გურიაში შეიჭრნენ, როსტომ გურიელმა დახმარებისათვის მიმართა ბაგრატ III-ს და ლევან I დადიანს. ბაგრატმა გურიელს ვ. ბ-ის მეთაურობით 500 მხედარი მიაშველა, მაგრამ რადგან დადიან-გურიელის შეერთებაში საფრთხეს ხედავდა, ვახტანგს დაავალა, არ დაეშვა მთავართა გაერთიანება. ვახტანგმა წარმატებით შეასრულა ძმის დავალება, დადიანს შეუთვალა – ჩემ ძმას და გურიელს პირი აქვთ შეკრული, თუ „შეიკრიბნეთ... მოგაკვდინებენ ანუ შეგიპყრობენ”. დადიანი შეშინდა და უკან გაბრუნდა.

 წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

 ლიტ.: კ ა კ ა ბ ა ძ ე  ს., საქართველოს მოკლე ისტორია, ტფ., 1920; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.

ო. სოსელია