ვახტანგ VI-ის სტამბა, პირველი ქართული სტამბა. დაარსდა 1708–09 (თუმცა, ზოგიერთი ცნობით, მასზე ადრე, 1705, თბილისში სტამბა მოუწყვია და რამდენიმე წიგნი დაუბეჭდავს ვახტანგის ძმას, კათოლიკოს დომენტის); იარსება 1723-მდე. განთავსებული იყო მტკვრის მარჯვ. ნაპირას სპეციალურად აგებულ შენობაში. სტამბა გაუმართავს ანთიმოზ ივერიელის ნამოწაფარს, ვლახეთიდან (ახლანდ. რუმინეთი) მოწვეულ ოსტატს მიხაილ იშტვანოვიჩს. პირველი წიგნი, რ-იც აქ დაისტამბა, „სახარება” იყო. 1709–12 დაიბეჭდა 11 დასახელების წიგნი, მ. შ. „ვეფხისტყაოსანი” – ვახტანგ VI-ის რედაქციითა და საფუძვლიანი კრიტ.-მეცნ. გამოკვლევითურთ (1712). ვახტანგ VI-ის ქირმანში გადასახლების გამო 1713–20 წიგნების გამოცემა შემცირდა (დაიბეჭდა მხოლოდ 5 წიგნი). 1721–22-იდან კვლავ აღორძინდა სტამბაში წიგნების ბეჭდვა-გამოცემა. დაისტამბა 19 დასახელების წიგნი, მ. შ. „ქმნულების ცოდნის წიგნი” ანუ “აიათი”, ქადაგებანი, ვახტანგ VI-ის მიერ სპარსულიდან თარგმნილი გეოგრ. თხზულება, ასევე ანბანი ლოცვებით, „ჟამნი” და სხვ., რ-თა ბეჭდვისა და გამოცემის ხარისხი ევრ. სტამბებში გამოცემული წიგნებისას უტოლდება. სტამბას ჰქონდა რამდენიმე სახის შრიფტი: ხუცური (ასომთავრული, ნუსხური), მხედრული, ბერძნ. და ლათ. ერთსა და იმავე დროს იყენებდნენ როგორც შავ, ისე წითელ საღებავს. წიგნებში ჩართულია სურათები (გრავიურით). ტექ. შესრულების ყოველი მხარე – კარგი ქაღალდი, ჩინებული აკინძვა და გაფორმება – იმდროინდელი ხელოვნების შედევრია. სტამბაში მოღვაწეობდნენ ცნობილი ოსტატები: მღვდელმონაზვნები ნიკოლოზი (ს.-ს. ორბელიანის ძმა) და გერმანე, კვიპრიანე სამთავნელი და სხვ.
ლიტ.: ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე ე., ვახტანგ მეექვსე და ქართული სტამბის მოღვაწენი, თბ., 1962; შ ა რ ა შ ი ძ ე ქ., პირველი სტამბა საქართველოში (1709–1722), თბ., 1955.