ვეკუა კირილე მოსეს ძე [4(16). V. 1891, სოფ. ახუთი, ახლანდ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, – 28. VI. 1968, ბერლინი], ქიმიკოსი. ქუთ. კლასიკური გიმნაზიის დამთარების (1915) შემდეგ სწავლა გააგრძელა ხარკოვის უნ-ტის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტზე. ხარკოვის უნ-ტში სწავლისას რევ. სტუდენტობას მიემხრო, იყო სოციალ.-დემოკრატი, ოქტ. გადატრიალების (1917) შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობით საქმიანობაში. საქართველოს გასაბჭოების (1921) შემდეგ ვ., როგორც ახ. საოკუპაციო რეჟიმის შეურიგებელი მოწინააღმდეგე, დააპატიმრეს და 1922 სხვა პოლიტ. მოღვაწეებთან ერთად საქართველოდან გააძევეს. 1922 დეკ. პირველ რიცხვებში ვ. უკვე გერმანიაში (ბერლინში) იყო. 1924 სწავლა გააგრძელა გეტინგენის უნ-ტში, დაამთავრა ქიმ. ფაკ-ტი. 1931 მიენიჭა ფილოს. დოქტორის სამეცნ. ხარისხი ქიმ. დარგში. 1935–52 მუშაობდა ბერლინის უმაღლეს ტექ. სასწავლებელში, სადაც მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა საღებრების ლაბორატორია. სიცოცხლის ბოლო წლებში ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას ეწეოდა. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა რამდენიმე ათეული სადიპლომო და სადოქტორო ნაშრომი. ვ-ს მრავალი მოწაფე მუშაობს გერმანიაში ლაქ-საღებავებისა და მონათესავე დარგებში. ვ. ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა ქართ. ეროვნ. ემიგრაციის პოლიტ. და საზ. ცხოვრებაში, იყო ახალგაზრდული ორგანიზაციის „თეთრი გიორგის” წევრი. 1967 საქართველოში იმყოფებოდა.
გ. შარაძე