ვეკუა სერაფიმა გიორგის ასული [8(21). VIII. 1914, თბილისი, – 19. I. 2000, იქვე], ბალეტის მსახიობი, კლასიკური ცეკვის პედაგოგი. საქართვ. დამს. არტისტი (1958). 1922–30 სწავლობდა თბილ. მ. პერინის საბალეტო სკოლა-სტუდიაში. 1931–35 ცეკვავდა თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის დასში. 1936–39 სწავლა გააგრძელა ლენინგრადის ქორეოგრ. ტექნიკ-უმში (პედაგოგები – ა. ვაგანოვა და მ. რომანოვა); 1939–43 ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის, ხოლო 1943–59 კვლავ თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო, პარალელურად – საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორიც. თავისი საბალეტო მოღვაწეობისას შეასრულა არაერთი მნიშვნელოვანი სოლო პარტია როგორც საბალეტო, ისე საოპერო სპექტაკლებში. მისი შესრულება გამოირჩეოდა აქტიორული ოსტატობით, გამომსახველობით. 1943-იდან მუშაობდა თბილ. ვ. ჭაბუკიანის სახ. ქორეოგრ. სასწავლებელში წამყვან პედაგოგად. 1964–72 იყო ამ სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი მოსწავლეები იყვნენ ი. ნიორაძე, ნ. არობელიძე, რ. ლევინა და მრავალი სხვა.
ა. ჩხეიძე