გრდემლი

გრდემლი, ლითონისაგან ჩამოსხმული და კუნძზე დამაგრებული გლუვზედაპირიანი ლითონის საკვერავი დაზგა. პატარა გ-ს იყენებენ ოქრომჭედლები და მესაათეები. საქართველოში ძველთაგანვე იყო ცნობილი სხვადასხვა მოყვანილობისა და ზომის ფოლადისა და ქვის გ-ები. ქართ. მითოლოგიაში გ. დაკავშირებულია ამირანის თქმულებასთან (ამირანის კლდეზე მიჯაჭვა, ხმლის გაჭედვა; ყოველ დიდ ხუთშაბათს მჭედლები გ-ს უბრად სამჯერ დაჰკრავენ უროს, ამირანმა არ აიშვასო). ქართვ. ხალხის ძვ. რელიგ. წარმოდგენებით გ. წმინდა („ნაწილიან") საგნად ითვლებოდა და მას მჭედლები ყოველ შაბათს სანთელს უნთებდნენ. ძველადვე სცოდნიათ დამნაშავის გ-ზე „გადაცემა" დასასჯელად და მისი „ახსნაც" (ცოდვის მიტევება). რუსთაველთან მოხსენებულია ტყვიის გ. („გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა"), რ-ზეც ხდებოდა ალმასის (ქვამაგარის) მოწახნაგება.

ნ. რეხვიაშვილი