ველი, ს ტ ე პ ი, მცენარეულობის ტიპი, რ-საც მიეკუთვნება გვალვა და ყინვაგამძლე მრავალწლოვანი კორდოვანი ბალახოვანი მცენარეებისგან შექმნილი ფიტოცენოზები. გავრცელებულია უმეტესად შავმიწა და წაბლა ნიადაგებზე (მშრალი ჰავის პირობებში). ფიტოცენოზებში ჭარბობს მკვრივკორდოვანი მარცვლოვნები: ვაციწვერა, წივანა, კეწეწურა და სხვ., იშვიათად ისლი. დამახასიათებელია აგრეთვე სახეობებით მდიდარი ორლებნიანი და ერთლებნიანი მცენარეებისგან შემდგარი ნაირბალახოვანი დაჯგუფებები (სინუზიები), ნახევრადბუჩქების ზოგიერთი სახეობა (ძირითადად ავშნის გვარისა) და ველის ბუჩქები. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ვ-ები უმთავრესად გავრცელებულია აღმ-ით, ვაკეებსა და მთისწინეთში, ჯავახეთის ზეგანზე; წამყვანი ფორმაციებია უროიანი, წივანიან-ვაციწვერიანი, ნაირბალახოვან-ვაციწვერიანი და სხვ.; უროიანი ვ-ები დიდ ფართობზე ვრცელდება ივრის ზეგანზე (გარეჯი, შირაქი). ვ. უმეტეს შემთხვევაში მეორეული წარმოშობისაა, იგი მთის ტყისა და ნათელი ტყის განადგურების შედეგია. ვ-ების დიდი ნაწილი ათვისებულია სას.-სამ. კულტურებისათვის, იყენებენ საძოვრად და სათიბად.
მ. ივანიშვილი