ველის ჭრიჭინა

ველის ჭრიჭინა (Melanogryllus desertus), მწერი სწორფრთიანთა რიგისა ჭრიჭინასებრთა ოჯახისა. ფართოდ არის გავრცელებული ჩრდ. აფრიკაში, მცირე აზიასა და სირიაში, ირანსა და ავღანეთში, ევროპის სამხრეთში, კავკასიაში, შუა აზიასა და ყაზახეთში. ამიერკავკასიაში, მ. შ. საქართველოში, დიდი რაოდენობით გვხვდება დაბლობსა და მთისწინა ზონებში, უმეტესად კი ტენიან ბიოტოპებსა და სარწყავი ქსელის მიდამოებში, მდინარეების ნაპირებზე და ფხვიერ ნიადაგზე. ვ. ჭ. საშუალო ზომის (1,5-იდან 2 სმ-მდე) შავი ფერის მწერია. მუცლის ქვედა მხარე, უკანა ბარძაყები და კანჭები დაფარული აქვს ხშირი, ღია ფერის დაწოლილი ბუსუსით. თუ მისი ზედა ფრთები ნორმალურადაა განვითარებული, მაშინ ისინი სხეულზე გრძელია. ზამთრობს მატლის ან ზრდასრულ ფაზაში. ვ. ჭ. პოლიფაგი მწერია, იკვებება სხვადასხვა მცენარეებით. განსაკუთრებით დიდი ზიანი მოაქვს აღმ. საქართვ. დაბლობი რაიონებისათვის.

ე. აბაშიძე

მ. სტოლიაროვი