ველტყევის მონასტერი, რაჭის საერისთავოს ერთ-ერთი მთავარი მონასტერი გვიანდ. შუა საუკუნეებში. წერილობით წყაროებში ვ. მ. ზოგჯერ „რაჭის უდაბნოს”, „ნათლისმცემლის უდაბნოს”, „სხვავას მონასტრის” და „სხვავას უდაბნოს” სახელით არის მოხსენიებული. მდებარეობდა რაჭის ქედზე, სოფ. სხვავიდან სამხრ. მიმართულებით (დაახლ. 10 კმ-ზე). ვ. მ. X–XI სს-ში უნდა იყოს აგებული. დაახლ. 1754 როსტომ რაჭის ერისთავს აქ არსებული ძეგლის ადგილას ახ. ეკლესია აუგია, რასაც მოწმობს დას. შესასვლელის ლაპიდარული წარწერა, რ-იც დღეს ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმში ინახება. მონასტრის ბერები ფიცრულ სენაკებში ცხოვრობდნენ. 1825 მონასტრის ეზოში იდგა წინამძღვრის ხის სახლი ექვსი ხის სენაკით ბერებისათვის. ამ დროს აქ წინამძღვრიანად ექვსი ბერი იყო. მონასტერს 1825-თვის ეკუთვნოდა 41 კომლი ყმა-გლეხი, ვენახები და სახნავ-სათესი მიწები რაჭის სხვადასხვა სოფელში. XIX ს. შუა წლებში მონასტერი გაუქმდა.
თ. ბერაძე