ვერის მონასტერი

ვერის მონასტერი, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. გარდატენიდან 5,5 კმ-ზე. მდ. ვერისწყლის ხეობაში შემორჩენილია სამონასტრო ნაგებობების, გალავნის, გვიანდ. ხანის სამრეკლოსა და სხვა შენობათა ნაშთები. ანსამბლის ცენტრში აღმართულია VII ს. ღვთისმშობლის სამნავიანი ბაზილიკა (ძლიერ დაზიანებული). ვ. მ. მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.). ქვითკირით ნაგები მაღალი და ვრცელი ეკლესია შიგნიდან და გარედან შემოსილია წითელი და რუხი ფერის ქვის პერანგით. გამოყენებულია შირიმის ქვაც. გადახურული იყო ქვის ფილებით, შესასვლელი აქვს ჩრდ-იდან, სამხრ-იდან და დას-იდან. ინტერიერში ნავები გამოყოფილია სვეტების 2 წყვილით, შუა ნავი გადახურულია კამარით. აღმ. სარკმლის ჩარჩოზე ამოკვეთილ ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებულია ატენის ციხისთავი გრგნელი, რ-საც XI ს. 60-იან წლებში ძეგლი აღუდგენია, საფუძვლიანად შეუკეთებია და ჩუქურთმებით შეუმკია, რაც განსაკუთრებით კარგად ჩანს ფასადებზე. მონასტრის ქვემოთ, კლდოვან ქედზე, IX–X სს. ვერის ციხის ნანგრევებია.

ლიტ.: ჩუ ბ ი ნ ა შ ვ ი ლ ი  გ., ქართული ხელოვნების ისტორია, ტ. 1, თბ., 1936.

პ. ზაქარაია