ვერის ციხე, ა ზ რ ა ტ ი ს ც ი ხ ე, ბ ე რ ე ს ც ი ხ ე (ივ. ჯავახიშვილის ცნობით), მდებარეობს მდ. ტანის ხეობაში, მდ. ვერის ნაპირას, ძნელად მისადგომ ქედზე. ციხეს სტრატეგიულად მოხერხებული მდებარეობა აქვს (აქედან მოჩანს ტანის ხეობა და გორი მისი მიდამოებით). ნაგებობა თარიღდება IX–X სს-ით. X ს. მიწურულიდან ციხე კლდეკარის ერისთავთერისთავების – ბაღვაშების ხელში გადავიდა. XI ს. დამდეგიდან შუახანებამდე ვ. ც-ის მიდამოები საქართვ. სამეფო სახლის განკარგულებაში იყო. 1554 ზაფხულში შაჰ-თამაზმა ვ. ც. აიღო და გზა გაიხსნა ატენის ციხისაკენ, სადაც ქართლის მეფე ლუარსაბ I-ის დედა და ქართლის თავადაზნაურთა ოჯახები იმყოფებოდნენ. XVII–XVIII სს. ციხე თავად ციციშვილთა ხელში გადავიდა და ამ საგვარეულოს მნიშვნელოვან საყრდენ პუნქტად იქცა. 1638 ვ. ც-ში გამაგრდა როსტომ მეფის წინააღმდეგ აჯანყებული ქართლის თავადთა მეთაური – ნოდარ ციციშვილი. მეფემ ალყა შემოარტყა ციხეს. აჯანყებულმა ციციშვილმა გაქცევით უშველა თავს. როსტომ მეფემ ვ. ც. აიღო და გაანადგურა. ციხე გეგმით წაგრძელებულია (სიგრძე 44,6 მ, სიგანე აღმ-ით 14,8 მ, დას-ით 6 მ), ნაგებია რიყის ქვით. ნაგებობა დაზიანებულია. ფერდობებზე შემორჩენილია 4–5 მ სიმაღლის კედლები. ციხის აღმ. და დას. მხარეები მთავრდება სხვადასხვა ზომისა და ფორმის კოშკებით. აღმ. კოშკიდან გადარჩენილია მხოლოდ კონტური, დას-ის კოშკი გეგმით უსწორო ელიფსურია. ქვედა სართული ცილინდრული კამარით გადახურული გრძელი სათავსია, რ-იც ციხის ეზოს განიერი თაღოვანი კამარით უკავშირდება. ციხის ეზოში, გალავნის სამხრ. კედელთან, დიდი წყალსაცავია.
ლიტ.: მ ა კ ა ლ ა თ ი ა ს., ატენის ხეობა, თბ., 1957; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990.
ზ. ცინცაძე