ვერლიბრი (ფრანგ. verslibre), თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი ლ ე ქ ს ი, ლექსის სახეობა, რ-იც მეტრულ წესრიგს არ ემორჩილება. ლექსის მეტრული წესრიგის შესუსტება სხვადასხვა ლიტ-რაში სხვადასხვანაირად ხდებოდა იმისდა მიხედვით, თუ რას ემყარებოდა ამ ლიტ-რაში მიღებული სალექსო ფორმა. ქართ. ვ-თვის დამახასიათებელია სილაბურობის დარღვევა, სხვადასხვა სიგრძის სტრიქონთა არაკანონზომიერი მონაცვლეობა, სტროფული ამორფიზმი ან ასიმეტრიულობა, ურითმობა ანდა რითმის სპორადული ხასიათი. მაგრამ ვ. მაინც ლექსია და ლექსთწყობის წეს-კანონების სრული იგნორირება მასში შეუძლებელია. ვ-ს ლექსის სახეს აძლევს, უპირატესად, შიდა რიტმი – სალექსო მუხლთა ხასიათის ურთიერთშეხამება. ამით განსხვავდება იგი პროზისა და ჩვეულებრივი მეტყველებისაგან. რიტმი ვ-ში მეტწილად ბატონობს ბოლომდე განუხორციელებელი კონსტრუქციის სახით. ბგერითი ერთეულების კანონზომიერი თანამიმდევრობა ხშირად შეცვლილია სინტაქსურ ერთეულთა კანონზომიერი განმეორებით. ვ-ში შესამჩნევია სინტაქსურ-ინტონაციური მონაკვეთების მონაცვლეობა. რიტმის მაწარმოებელი ფუნქცია დაკისრებული აქვს ენის ლოგიკას, ამიტომ თუ მეტრულ ლექსში აქცენტი სიტყვაზეა გადატანილი, ვ-ში იგი ფრაზაზე მოდის. მეტრული ლექსის რიტმთან შედარებით ვ-ის რიტმი თავისუფალია, მოშვებული. მისთვის უცხოა ინვერსია – სტრიქონის რიტმული გამძაფრება. ვ-თვის ნიშანდობლივია არაორდინარული სახეები, განწყობილებანი. ვ. შეგნებული რეაქციაა მეტრული ლექსის წინააღმდეგ, ამიტომ მისი ძიება რომანტიკოსთა თუ უფრო ადრინდ. სას. ან საერო პოეზიაში, საფუძველს მოკლებულია. ვ-ის ნიმუშები შექმნეს უ. უიტმენმა, ე. ვერჰარნმა, ბ. ბრეხტმა, პ. კლოდელმა, ა. ფეტმა, ა. ბლოკმა, ა. ახმატოვამ და სხვ. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ვ. XX ს. დასაწყისიდან დამკვიდრდა. იგი ევრ. ლიტ-რიდან შემოვიდა. ვ-ის პირველი ნიმუშები ეკუთვნის გ. ტაბიძეს („ფარდების შრიალი”, „სამრეკლო უდაბნოში”) და ცისფერყანწელებს (პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე, ვ. გაფრინდაშვილი). ვ-ითაა დაწერილი გ. ტაბიძის პოემა „ჯონ რიდი”. ვ-ის ხელახალი აღორძინება 60–70-იან წლებში მოხდა (ო. ჭილაძე, ბ. ხარანაული, ლ. სტურუა და სხვ.).
ა. გაწერელია