ვერნები

ვერნები, სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტის ფუშრუკაულის თემში (აჭარის არ), სხალთის ქედის (არსიანის ქედის დას. განშტოება) ჩრდ. კალთაზე, მდ. სხალთის (აჭარისწყლის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 1100 მ, ხულოდან 37 კმ. 415 მცხ. (2002). ვ. აჭარის ერთ-ერთი უძველესი სოფელია სხალთის ხეობაში. სოფლის შუაში შემორჩენილია XI ს. ეკლესიის ნანგრევები. კარის თავზე ამოკვეთილ წარწერაში მოხსენიებული არიან აბუსერისძეთა ფეოდ. გვარის წარმომადგენლები. ოთხსაფეხურიან ცოკოლზე აღმართულ გეგმით სწორკუთხა ეკლესიას აფსიდი აღმ-ით ჰქონდა, შესასვლელები კი – სამხრ-იდან და დას-იდან. გადამხური კამარა პილასტრებზე ამოყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობოდა. კედლები შიგნით და გარედან შემოსილი იყო სხვადასხვა ზომის სუფთად გათლილი კვადრებით. სტილისტურად ენათესავება სხალთის დიდ ტაძარს. ეკლესია დანგრეულია თურქთა ბატონობის ხანაში. 1977 არქეოლ. გათხრებმა გამოავლინა სადა და მოჭიქული კერამ., ქვევრების ნამტვრევები, ბრინჯაოს ჯვარი – ჯვარცმული ქრისტეს გამოსახულებით, ბრინჯაოს ფირფიტა – ღვთისმშობლის გამოსახულებებით. მიკვლეულია აგრეთვე ბრინჯაოს ცულები და სხვა ნაკეთობანი.

ლიტ.: მ ა მ უ ლ ა ძ ე  შ., ვერნების ეკლესია (ახალი მასალები ძეგლის დათარიღებისათვის), კრ.: სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს არქიტექტურული ძეგლები, [ტ.] 1, ბათ., 1980.