ვერნი

ვერნი (Verne) ჟიულ (8. II. 1828, ნანტი, – 24. III. 1905, ამიენი), ფრანგი მწერალი, მეცნიერულ-ფანტასტიკური რომანის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. განათლებით იურისტი. შექმნა „არაჩვეულებრივი მოგზაურობის” 65-ტომეული, რ-შიც გააერთიანა მეცნ.-ფანტასტიკური, სათავგადასავლო-გეოგრ. და სოც.-სატირული რომანებისა და მოთხრობების სერიები. ჩვენთვის საყურ-ადღებოა რომანი „კლოდიუს ბონბარნაკი” (1892). მისი გმირი, ფრანგ. გაზ. „XX საუკუნის” რეპორტიორი, მოგზაურობს საქართველოში რკინიგზით, რ-იც მწერლის ჩანაფიქრით, გადაჭიმულია თბილისიდან პეკინამდე შუა აზიის უდაბნოების გავლით. ვ. ყოველი ახ. რომანის დაწყებამდე აგროვებდა როგორც სამეცნ.-ტექ. ინფორმაციებს, ისე გეოგრ. ცნობებს. ამჯერადაც მწერალი საკმაოდ ბევრ წყაროს გასცნობია საქართველოს შესახებ. წიგნში მოცემულია ცნობები, დასახელებულია ენციკლოპედიები, გეოგრ. ნაშრომები და მოგზაურთა ჩანაწერები, აგრეთვე ცნობილი გეოგრაფის – ე. რეკლიუს „ახალი მსოფლიო გეოგრაფია”, რ-ის VI ტომი შეიცავს ცნობებს საქართველოს შესახებ (ნაშრომიდან ჩანს, რომ თვით რეკლიუ ეყრდნობა ი. კლაპროთის, ფ. ბოდენშტედტის, ვ. კონის, მ. ტილმანის, ფ. დიუბუა დე მონპერეს ჩანაწერებს). ვ-ს ხელთ უნდა ჰქონოდა აგრეთვე ა. კეხლინ-შვარცის და სხვა მოგზაურთა ნაშრომები. ამასთან, მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ა. დიუმასთან და, ბუნებრივია, კარგად იცნობდა მის „კავკასიასაც”. ვ-ის გმირი ქალაქის დათვალიერებას იწყებს მტკვრის სანაპიროთი და ერთიანად წარმოადგენს თბილ. კოლორიტულ სურათს; ასახელებს მტკვრის მარცხ. სანაპიროზე მდებარე ბაღს და მას „ადგილობრივი ელისეის ველს, კოპენჰაგენის ტივილის ბაღის მსგავსს” უწოდებს. აღწერს გოგირდის აბანოებს, ქარვასლას, ბაზარს და სხვ., საინტერესოდაა რომანში წარმოდგენილი ქართ. მუს. საკრავები, ქალებისა და მამაკაცების გარეგნობა და ჩაცმულობა. ვ-ის გმირი ვრცლად აღწერს თბილ. სადგურს და, საერთოდ, საქართვ. სარკინიგზო ხაზებს, რ-თაგან ერთი თბილისს დას. საქართველოსთან აკავშირებს და მთავრდება ფოთში, მეორე აღ-მოსავლეთით ბაქომდეა გადაჭიმული, ხოლო მესამე ვლადიკავკაზამდე აღწევს და ჩრდ. კავკასიასა და სამხრ. კავკასიას აერთიანებს. ეს ფანტასტიკური გზა 4000 ფუტის სიმაღლეზე გადაკვეთს არხოტის ხეობას და საქართვ. დედაქალაქს სამხრ. რუსეთის სალიანდაგო გზებთან აკავშირებს. ჩანს, მწერალს შეუსწავლია იმ დროს ჩვენში მიმდინარე ტრანსკავკასიის გზის მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებული დისკუსიების მასალები. ამ პროექტის შედგენა დავალებული ჰქონდა ინჟ. ფ. დ. რიძევსკის, რ-იც მანამდე წიფის გვირაბის გაყვანას ხელმძღვანელობდა. მისი პროექტი რკინიგზის გაყვანას სწორედ არხოტის უღელტეხილზე ითვალისწინებდა. რომანში არაერთი უზუსტობაც გვხვდება, მაგრამ იგი, ისევე როგორც ვ-ის სხვა რომანები, მძაფრი ინტერესით იკითხება. ვ-ის ნაწარმოებები ჩვენში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თარგმნილი და გამოცემულია მისი თხზულებების 8 ტომი (1973–79); ვ-ის მთარგმნელთაგან აღსანიშნავი არიან ნ. კურდღელაშვილი, კ. ჯავრიშვილი, გ. ბუაჩიძე, ნ. ქადეიშვილი, მ. ფიფია და სხვ.

ლიტ.: ო რ ლ ო ვ ს კ ა ი ა  ნ., ჟიულ ვერნის რომანი, რომელიც საქართველოში იწყება, «მნათობი», 1987, №1.

ნ. ორლოვსკაია