ვერონა

ვერონა, სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გომბორის თემში (კახეთის მხარე), გომბორის ქედის სამხრ.-დას. კალთაზე, მდ. გომბორის (ივრის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 1200 მ, საგარეჯოდან 53 კმ. 94 მცხ. (2002). სოფ. ვ. (ვერენა) მოხსენიებულია კახთა მეფე ალექსანდრე I-ის XV ს. შეწირულობის სიგელში. სოფლის მახლობლად, მაღალ კლდოვან მთაზე, ადგილობრივი კლდის ქვით ნაგები IX–X სს. ციხის ნანგრევებია (ქვითკირის კედლები, მრგვალი ბურჯები და კოშკები). გალავანი რელიეფს გასდევდა, შემორჩენილია სამხრ-ით და აღმ-ით 3–4 მ-მდე სიმაღლის კედლები და ნახევარწრიული მოხაზულობის კოშკების პირველი სართულები. კოშკებს შესასვლელი ეზოდან ჰქონდა. მთავარი შესასვლელი აღმ. მხრიდან იყო. ციხე დარაჯობდა ივრის ხეობიდან გომბორის უღელტეხილით ალაზნის ველზე გამავალ გზას. იხ. აგრეთვე ვერონის არქეოლოგიური ძეგლები.