ვესპასიანე (Vespasianus) ტიტუს ფლავიუს (17. XI. 9, რეატეს მახლობლად, – 24. VI. 79, იქვე), რომის იმპერატორი (69–79), ფლავიუსების დინასტიის დამაარსებელი. ვ-ს დროს ჩაახშვეს აჯანყება პონტო-კოლხეთში. მან ლეგიონერთა ძლიერი რაზმი გაგზავნა სარდალ ვირდიუს გემინუსის მეთაურობით (იხ. ანიკეტეს აჯანყება). ახ. წელთაღრიცხვის დასაწყისში (ვ-სა და მისი მემკვიდრეების დროს) ურთიერთობა რომსა და იბერიის შორის მეგობრულ-სამოკავშირეო იყო. ამაზე მეტყველებს 1867 მცხეთაში ნაპოვნი სამშენებლო ქვა მასზე 75 წელს ამოკვეთილი ბერძნ. წარწერით: „იმპერატორმა კეისარმა ვესპასიანე ავგუსტოსმა... და იმპერატორმა ტიტე კეისარმა, ავგუსტოსის ძემ და დომიციანე კეისარმა, ავგუსტოსის ძემ იბერთა მეფეს მითრიდატეს, მეფე ფარსმანისა და იამასასპოს ძეს, კეისრის მეგობარსა და რომაელთა მოყვარულს, და ხალხს – ეს კედლები განუმტკიცეს”.
წყარო: სვეტონიუს გაიუს ტრანკვილიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, თარგმნა მ. გულიაშვილმა, თბ., 1994.
ლიტ.: ს ა ნ ი კ ი ძ ე ლ., რომის იმპერია, თბ., 1984; წ ე რ ე თ ე ლ ი გ., მცხეთის ბერძნული წარწერა ვესპასიანეს ხანისა, თბ., 1958; К о в а л е в С. И., История Рима, [Л.], 1948; Ш т а е р м а н Е. М., Кризис 68–69 гг. и деятельность Веспасиана, «Вестник древней истории», 1951, №3.
ლ. სანიკიძე