ვესტი

ვესტი (West) რიჩარდ (დ. 2. X. 1941, კოპენჰაგენი), დანიელი ასტრონომი. 1970–2005 იყო ევრ. სამხრ. ობსერვატორიის (გარხინგი, მიუნხენის მახლობლად) უფრ. მეცნ. მუშაკი და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საერთაშ. ასტრონ. კავშირის გენ. მდივანი (1979–82). კოპენჰაგენის უნ-ტის დამთავრების შემდეგ ვ. სტაჟირებას გადიოდა აბასთუმნის ასტროფიზ. ობსერვატორიაში (1964). მისი თაოსნობით შედგენილია სამხრ. ცის ატლასი. აღმოაჩინა 4 კომეტა და 500-მდე მცირე ცთომილი. მისი, როგორც პირველაღმომჩენის, უფლებითა და ინიციატივით საერთაშ. ასტრონ. კავშირის ნომენკლატურულმა კომისიამ ზოგიერთ აღმოჩენილ ციურ ობიექტს მიანიჭა ვ-ისთვის პატივსაცემ ადამიანთა და ქალაქთა სახელები: გუდიაშვილი, მცხეთა, ყაზბეგი, ხარაძე და სხვ., 1990–94 ვ-მა დახმარება აღმოუჩინა ქართვ. ასტრონომებს გამოთვლითი და დაკვირვებებისათვის განკუთვნილი ტექნიკით, გრანტებით და სხვ. 1997 აირჩიეს საქართველოს საპატიო მოქალაქედ.

თ. ბორჩხაძე