ვეფიკ-ფაშა

ვეფიკ-ფაშა (Vefik Paşa) აჰმედ (3. VII. 1823, სტამბოლი, – 2. IV. 1891, იქვე), თურქი მწერალი, მეცნიერ-ისტორიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე. განათლება მიიღო პარიზში. იყო თურქეთის ელჩი თეირანსა და პარიზში, იუსტიციისა და განათლების მინისტრი, ედირნეს ვალი, ორჯერ ეკავა დიდვეზირის (პრემიერის) პოსტი. თურქულად თარგმნა ფრანგ და სხვა ევრ. კლასიკოსთა (უ. შექსპირი, ფ. შილერი, ფ. ფენელონი, მოლიერი, ვოლტერი და სხვ.) ნაწარმოებები. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე თურქ. სალიტ. ენის ძირეული რეფორმის განხორციელებაში. 1875 აირჩიეს პეტერბურგის მეცნ. აკად. წევრად. ვ.-ფ-ს ეკუთვნის „ოსმალეთის ისტორია” (1869), სადაც ამბები გადმოცემულია სახელმწიფოს დაარსებიდან 1789-მდე. მის თხზულებაში არაერ-თი საყურადღებო ცნობაა საქართველოსა და ამიერკავკასიის შესახებ.

ლიტ.: შ ე ნ გ ე ლ ი ა  ნ., XV–XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები, თბ., 1974.

ნ. შენგელია