ვეჯინის ხევი

ვეჯინის ხევი, ვ ე ჯ ი ნ ი, ხეობა სოფ. გლდანის დასავლეთით. მოიცავს ტერიტორიას ჯოხტნის-ხევიდან დიდველის მთამდე. ადგილ. მცხოვრებთა გადმოცემით, აქედან აყრილი მოსახლეობა კახეთის სოფ. ვეჯინში ჩასახლებულა. შემონახული ძეგლების მიხედვით ვ. ხ-ის ტერიტ. უკვე ადრინდ. შუა საუკუნეებში ინტენსიურად ყოფილა დასახლებული. ხეობის დასაწყისიდან 1 კმ-ზე, მთის ფერდობზე, VIII–IX სს. სასახლის კომპლექსის საკმაოდ მოზრდილი დარბაზის (23,5 მ×8,5მ) და რამდენიმე მომცრო ოთახის ნანგრევებია. კედლები შიგნიდან თლილი ქეით ყოფილა შემოსილი, კედლის სისქეში დატანებულია წყალსადენის კერამ. მილები. აქაც, ისევე როგორც კახეთის პალატებში, ხეობისაკენ მიმართული დიდი სარკმლებია, რ-ებიც პირდაპირ იატაკიდან იწყება, ვ. ხ-ის სასახლე ქართ. საერო არქიტ. მნიშვნელოვანი ძეგლია. სასახლის ჩრდ.-აღმ-ით, ასიოდე ნაბიჯზე, დგას პატარა ერთნავიანი ეკლესია, რ-იც, როგორც ჩანს, ასრულებდა კარის ეკლესიის დანიშნულებას და სასახლესთან ერთად ერთიან კომპლექსს შეადგენდა. ეკლესიაში შემონახულია ერთიანი ქვისგან გამოთლილი სატრაპეზო, რ-ზეც გამოსახულია წრეში ჩასმული რელიეფური ჯვარი. ცოტა მოშორებით, ტყეში, კიდევ 2 პატარა ეკლესიაა, რ-ებიც ასევე სასახლის კომპლექსის მსგავსია სამშენებლო მასალით, წყობით და არქიტ. ფორმებით. ამავე კომპლექსს მიეკუთვნება სასახლიდან დაახლ. 300 მ დაშორებით მდებარე პატარა დარბაზული ეკლესია. ეკლესია სადაა, მორთულობის გარეშე, მხოლოდ სამხრეთის ფასადის კედლის წყობაშია ჩართული მწვანე ქვისგან გამოთლილი მოჩუქურთმებული სტელისა და მისი ბაზისის ფრაგმენტები.

 ლიტ.: Ш м е р л и н г  Р., Д о л и д з е  В., Б а р н а в е л и  Т., Окрестности Тбилиси, Тб., 1960.

თ. საყვარელიძე