„ვითიბი ბანკი ჯორჯია” (VTB Bank Georgia), სააქციო საზოგადოება, ერთ-ერთი მსხვილი კომერციული ბანკი საქართველოში, ყოფ. „გაერთიანებული ქართული ბანკი”, რ-იც შეიქმნა 1995 სახელმწ.-კომერციული ბანკების: „ინდუსტრიაბანკის”, „საქექსიმბანკის” და „ახალი ქართული ბანკის” (ყოფ. „შემნახველი ბანკი”) შერწყმის შედეგად. 2005-იდან ბანკი რუს. წარმოშობის საერთაშ. ფინანს. ჯგუფის – ვითიბი ჯგუფის წევრი გახდა. ამჟამად ბანკის უმსხვილესი აქციონერია ღია სააქციო საზ-ბა „ვითიბი ბანკი” (ფლობს აქციათა 96,31%, 2013 წ. 1 იანვ. მონაცემებით), ასევე სხვა ფიზ. და იურიდ. პირები. 2006 წ. 25 დეკემბრიდან „გაერთიანებულ ქართულ ბანკს” ეწოდა სააქციო საზ-ბა „ვ. ბ. ჯ.” მისი განაღდებული და გაცხადებული საწესდებო კაპიტალი 148 მლნ. ლარს შეადგენს (2013 წ. 1 იანვ.). ბანკის სათავო ოფისი თბილისშია (გ. ჭანტურიას ქ. №14). გარდა ამისა გააჩნია ფილიალების და სერვისცენტრების ფართო ქსელი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, რუსთავში, მარნეულში, თელავში, ოზურგეთსა და ფოთში. იგი მომხმარებელს სთავაზობს ყველა სახის საბანკო მომსახურებას: კორპორატიულ და საცალო ბიზნესის დაფინანსებას, იპოთეკურ, სამომხმარებლო, აგროსესხებს, მრავალფეროვან საბანკო ბარათებს, სხვადასხვა სახის დეპოზიტს, დისტანციურ საბანკო მომსახურებას, საერთაშ. სწრაფი ფულადი გზავნილების მრავალფეროვან სისტემას და სხვ. 2013 წ. 25 ივლისს საერთაშ. სარეიტინგო კომპანია „ფიტჩ რეიტინგსმა” (Fitch Ratings) ბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (სტაბილური პროგნოზით) მიანიჭა. „ვ. ბ. ჯ.” ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას. მან დააფინანსა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. მისი თაოსნობით თბილისში გაიხსნა საეკლ. გალობისა და ხალხ. სიმღერის სასწავლებელი (ხელმძღვ. ა. ერქომაიშვილი); დააფინანსა ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედიის გამოცემა, სპონსორობას უწევს სპორტის მრავალ სახეობას, მ. შ.: ფეხბურთს, კალათბურთს, რაგბის, ავტოსპორტსა და ტანვარჯიშს. ბანკი არის შოთა რუსთაველის სახ. და ქუთაისის ლადო ალექსი-მესხიშვილის სახ. თეატრების გენ. სპონსორი და სხვ.