ვიკარი (Vikár) ბელა (1. IV.1859, ჰეტეში, – 22. IX. 1945, დუნავეჩე), უნგრელი ფოლკლორისტი, მწერალი, მთარგმნელი. უნგრ. აკად. წ.-კორ. (1911), ფინეთის მეცნ. აკად. საპატიო წევრი. ფინური ეპოსის „კალევალას” თარგმანზე მუშაობისას იგი საგანგებოდ ესტუმრა მიხაი ზიჩის ფინეთში, სოფ. ლახტაში, და სთხოვა, დაესურათებინა წიგნი. ზიჩიმ ვ-ს გააცნო თავის მიერ დასურათებული „ვეფხისტყაოსანი”. „კალევალას” თარგმანის დამთავრებისთანავე ვ. შეუდგა ქართ. ენის შესწავლას; შეიძინა „ვეფხისტყაოსნის” რამდენიმე თარგმანი (ა. ლაისტისა, მ. უორდროპისა), აგრეთვე მ. ზიჩის ნაჩუქარი ქართველიშვილისეული გამოცემა (1888) და შეუდგა თარგმნას. 1917 „ვეფხისტყაოსნის” მისეული თარგმანი გამოსცა ბუდაპეშტის გამომც. „ათენოიმმა”. ამ გამოცემაში ჩართულია ზიჩის 26 ილუსტრაცია, ხოლო გარეკანი შესრულებულია ქართველიშვილისეული გამოცემის მიხედვით. თარგმანს წინ უძღვის ვ-ის წინასიტყვაობა, რ-შიც იგი ვრცლად მსჯელობს პოემის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაზე, ქართველმა მკვლევრებმა ჯ. გაგნიძემ და გ. შარაძემ ვ-ის არქივში მიაკვლიეს მასალას, რ-იც მოწმობს, რომ უნგრელი მწერალი დაინტერესებული ყოფილა საერთოდ ქართ. ლიტ-რით, განსაკუთრებით ფოლკლორით, და რომ ამ საქმეში მას დახმარებას უწევდნენ უცხოეთში მცხოვრები ქართველები. ვ-ის არქივში დაცულია ქართ. ლიტ-რის სხვა ნიმუშებიც, ჩანაწერები და თარგმანები.
ლიტ.: გ ა გ ნ ი ძ ე ჯ., „ვეფხისტყაოსნის” უნგრული თარგმანები, თბ., 1975; შ ა რ ა ძ ე გ., მასალები ბელა ვიკარის არქივიდან, თბ., 1981.
გ. შარაძე