ვიპატოსი

ვიპატოსი,  ი პ ა ტ ო ს ი(Ypatos), ბიზანტიური საკარისკაცო ტიტული, თავდაპირველად შეესაბამებოდა გვიანდელი რომაული ხანის „კონსულის” ტიტულს, მაგრამ უკვე ადრებიზანტიურ ხანაში დაკარგა მნიშვნელობა და შედარებით დაბალ წოდებად გადაიქცა თანამდებობის გარეშე. IX–X სს-ში შემოღებულ იქნა „ფილოსოფოსთა ვ-ის” ტიტული, რ-იც ენიჭებოდა მოხელეს, მეცნიერს ჰუმანიტარული დარგის გამგებელს კონსტანტინოპოლის უმაღლეს სკოლაში. ვ-ის ტიტულს ზოგჯერ ანიჭებდნენ ვასალურ სახელმწიფოთა წარჩინებულ, მაგრამ არა უმაღლესი რანგის გამგებლებს. VI–VII სს-ში ჯვრის მონასტრის წარწერების მიხედვით, ვ-ს ტიტული ჰქონდა ქართლის ერისმთავრის, სტეფანოზის ძმას – დემეტრეს და შვილს – ადარნასეს (ერისმთავრად გახ-დომამდე).

ლიტ.: ლაპიდარული წარწერები, I. ნ. შოშიაშვილის გამოც., თბ., 1980 ;b r e h i e r  L., Les institutions de I’Empire Bysantin, წგ.: Le monde Bysantin, v.2, P., 1948.