ვირზე შესმა

ვირზე შესმა, ვირს აღსმა, გამაწბილებელი სასჯელის სახეობა ძველ საქართველოში. წყაროებში იხსენიება V ს-იდან. დამნაშავის ვ. შ. და საჯაროდ ტარება მძიმე სასჯელად ითვლებოდა. მისი მიზანი იყო დამნაშავისათვის მორალური ტანჯვის მიყენება. ასე სჯიდნენ, პირველ ყოვლისა, გაბატონებული ზნეობის დამრღვევთ – მრუშებს, ავხორცებსა და მუცლის მოშლაში მხილებულთ, აგრეთვე ხელმწიფის საწინააღმდეგო შეთქმულების მონაწილეებს. გვიანდ. ფეოდ. ხანაში დასასჯელს ვირზე პირუკუღმა შესვამდნენ და კუდს ხელში დააჭერინებდნენ. ამ სასჯელს საჯაროდ XX ს-მდე იყენებდნენ.

წყარო და ლიტ.: ბაგრატიონი  დ., საქართველოს სამართლისა და კანონთმცოდნეობის მიმოხილვა, ა. როგავას გამოც., თბ., 1959; ნ ა დ ა რ ე ი შ ვ ი ლ ი  გ., განქორწინება ქართული სამართლის მიხედვით, კრ.: ქართული სამართლის ისტორიის საკითხები, [ტ.] 1, თბ., 1973; ს ა ხ ო კ ი ა  თ., ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი, ტ. 1, თბ., 1950.

გ. ნადარეიშვილი