ვირთაგვა

ვირთაგვა (Rattus), ძუძუმწოვართა გვარი თაგვისებრთა ოჯახისა. გვხვდება ყველგან, უდაბნოებისა და პოლარული მხარის გარდა. ცხოვრობს ძირითადად ადამიანთა საცხოვრებელ და სამეურნეო დანიშნულების შენობებში, ასევე ადამიანის დასახლების მოშორებით – მდინარეთა სანაპიროზე, სარწყავი არხის გარშემო, ტყესა და ბუჩქებში, ბოსტნებსა და ბაღებში, პარკებში, პურის ნათესებში. ბუნებრივ პირობებში სახლდება სოროში, ზვინებში, ზოგჯერ ფუღუროში ან ხეზე ტოტებისა და ფოთლებისაგან ბუდეს იკეთებს. საქართველოში ვ-ის გავრცელების ზედა საზღვარი ზ. დ. 1800 მ აღწევს. მისი სხეულის სიგრძეა 10–30 სმ, კუდი სხეულის 2/3-ს შეადგენს ან უფრო გრძელია. ვ-ის სხეული შემოსილია უხეში ერთფეროვანი მუქი ნაცრისფერი, მორუხო შავ-წითელი ან შავი ბეწვით. პოლიფაგი ცხოველია. მრავლდება მთელი წლის განმავლობაში, უფრო მეტად – წლის თბილ სეზონში. შობს 1–15-მდე ნაშიერს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3–4 თვეში. წელიწადში იძლევა 2–4 თაობას. ნამარხი ფორმები ცნობილია შუა პლეისტოცენიდან. დიდი ზიანი მოაქვს – ანადგურებს საკვებს, აზიანებს ხის ძვირფას ნივთებს, შალისა და ბამბის ქსოვილებს, ბეწვეულს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, თავს ესხმის შინაური ფრინველების წიწილებს, ავრცელებს ინფექციურ სნეულებას (მუცლის ტიფი, დიზენტერია, ქოლერა და სხვ.). გვარში 60-მდე სახეობაა, რ-თა შორის საქართველოში ბინადრობს ორი: რ უ ხ ი  ვ. (R. norvegicus; გავრცელებულია თითქმის ყველგან. სხეულის სიგრძეა 24 სმ, კუდისა – 10–12 სმ, მასა 522 გ აღწევს. გვხვდება მელანისტური ფორმები) და შ ა ვ ი  ვ. (R. rattus; ასევე ფართოდაა გავრცელებული. სხეულის სიგრძეა 225 მმ, კუდისა – 147 მმ, მასა 250 გ). ქვესახეობათაგან საქართველოში გვხვდება ორი: ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი  შ ა ვ ი  ვ. (R. r. rattus) და ალ ე ქ ს ა ნ დ რ ი უ ლ ი  ვ-ები (R. r. alexandrinus).

გ. ენუქიძე