ვირი (Asinus), კენტჩლიქოსანი ძუძუმწოვრების ქვეგვარი ცხენისნაირთა რიგისა. ცხენისაგან განსხვავებით აქვს გრძელი ყურები, დიდი თავი, ვიწრო ჩლიქები, წვრილი კუდი, რ-იც გრძელბალნიანი ფუნჯით მთავრდება. არსებობს შინაური ვ-ის 2 ჯიშური ჯგუფი: 1. აფრიკისა და აზიის ადგილობრივი ტანმორჩილი (მ. შ. კავკასიური); 2. კულტურული ვ-ის ჯიშები, რ-ებსაც იყენებენ ჯორის გამოსაყვანად. დედა ვ. წელიწადში ერთ ჩოჩორს შობს. სიცოცხლის ხანგრძლივობა 12–18 წელია. იკვებება ბალახით. ვ-ს იყენებენ სასაპალნედ და შესაბმელად, განსაკუთრებით მთაგორიან ადგილებში და ბილიკების სავალ გზებზე. ვ-ს შეუძლია ტვირთის გადატანა ზურგით (საშუალოდ 80–98 კგ-მდე) და საზიდრით (1,0 ტ-მდე). ვ-ს ამუშავებენ 2 წლიდან. საქართველოში (კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, აფხაზეთი) გავრცელებული ვ. ტანად პატარაა, მისი სიმაღლე 95 სმ აღწევს. ვ-ს უმთავრესად იყენებენ საკარმიდამო სამუშაოებისათვის, აგრეთვე მეცხოველეობაში, განსაკუთრებით მეცხვარეობის ფერმებში საზაფხულო და საზამთრო საძოვრებზე. მოვლა-კვების მხრივ ნაკლებმომთხოვნი, გამძლე და ამტანი პირუტყვია, იშვიათად ავადდება.
დ. კობალავა