ვირისტერფა (Tussilago), მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. გვარში მხოლოდ 1 სახეობაა – T. farfara. ფესურიანი ბალახია. აქვს მარტივი საყვავილე ღეროები, რ-ებიც ქერქლისებრი ფოთლებითაა შემოსილი. ყვავილობს ადრე გაზაფხულზე (ყვავილები კაშკაშა ყვითელია, შეკრებილია კალათა ყვავილედებად), დაყვავილების შემდეგ მწვანეფესვთანური გრძელყუნწიანი ფოთლები გამოაქვს (ფოთოლი ზედა მხარეზე მწვანეა, ქვედა მხარეზე კი ქეჩისებრ სქლადაა თეთრად შებუსული). გავრცელებულია ევრაზიაში, ჩრდ. აფრიკასა და ჩრდ. ამერიკაში. საქართველოში თითქმის ყველა რ-ნში გვხვდება. იზრდება ტენიან ადგილებში, ღელეებისა და მდ-ების ნაპირებზე, ჩამონაზვავებზე, თიხნარ და ქვიშნარ ან ჩამორეცხილ ნიადაგზე მთის ქვედა და შუა სარტყელში. ფოთოლი და ყვავილედი შეიცავს გლიკოზიდებს, საპონინებს და სხვ. ნაყენს ხმარობენ მედიცინაში. თაფლოვანია.
ლ. ხინთიბიძე