ვირსალაძე (ქალიშვილობის გვარი – აბდუშელიშვილი) ანასტასია დავითის ასული [29. X (10. XI). 1883, ქუთაისი, – 5. IX. 1968, თბილისი], პიანისტი და პედაგოგი, ქართ. პიანისტური (საშემსრულებლო და პედაგოგიური) სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართვ. სახ. არტისტი (1960). 1909 წარჩინებით დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია (ხელმძღვ. პროფ. ა. ესიპოვა). იგი იყო პირველი ცნობილი ქართვ. მუსიკოსი ქალი, რ-მაც უმაღლესი მუს. განათლება მიიღო. 1921–68 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. სახელმწ. კონსერვატორიაში. 1932-იდან იყო პროფესორი, მრავალი წლის განმავლობაში – კათედრის გამგე. 1926 შემოქმედებითი მივლინებით იყო ბერლინში. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას. იყო პიანისტების II (1935) და III (1937) საკავშ. კონკურსების ჟიურის წევრი. კონსერვატორიასთან „ნიჭიერ ბავშვთა ჯგუფის” დაარსებიდან (1934; 1938-იდან – ცენტრ. მუს. ათწლედი) იყო მისი პროფესორი, აღზარდა 100-ზე მეტი მოწაფე (მ. შ. დ. ბაშკიროვი, ე. კ. ვირსალაძე, ლ. ვლასენკო). შექმნა საფორტეპიანო სკოლა, რ-თვისაც დამახასიათებელია სტილის ფაქიზი შეგრძნება, დახვეწილი გემოვნება, ბგერის მაღალი კულტურა. პერიოდულად გამოდიოდა საკონცერტო ესტრადაზე როგორც სოლისტი და ანსამბლისტი. მაღალი პროფ. ოსტატობით ასრულებდა ლ. ვან ბეთჰოვენის, ფ. შოპენის და სხვ. ნაწარმოებებს. ვ. ავტორია მრავალი მეთოდოლ. ხასიათის წერილისა და მოგონებისა თავისი მასწავლებლის ა. ესიპოვას შესახებ. ვ-ის სახელი მინიჭებული აქვს თბილ. ხელოვნების ერთ-ერთ სკოლას.
ლიტ.: ტ ო რ ა ძ ე გ., ანასტასია ვირსალაძე, თბ., 1981; Б а ш к и р о в Д ., О моем первом профессоре, «Советская музыка», 1977, №3.
გ. ტორაძე