ვირსალაძე თინათინ ბაგრატის ასული (26. X. 1907, თბილისი, – 28. X. 1985, იქვე), მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1976). 1925–26 სწავ-ლობდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში. 1929 დაამთავრა თსუ-ის პედ. განყ-ბა, 1936 კი – ლენინგრადის ხელოვნებათმცოდნეობის ინ-ტის ასპირანტურა. 1937–41 მუშაობდა მუზეუმ „მეტეხში”, 1941-იდან მოღვაწეობას ეწეოდა ახლად დაარსებულ საქართვ. მეცნ. აკად. ქართული ხელოვნ. ისტორიის ინ-ტში (შემდგომში გ. ჩუბინაშვილის სახელობისა), იყო სახვითი ხელოვნების განყ-ბის ხელმძღვანელი (1985-მდე). ვ-ის სამეცნ. მოღვაწეობის ძირითადი სფერო იყო შუა საუკუნეების ქართ. ფერწერა. მის შესწავლას, სისტემატიზებასა და ევოლ. გზების დადგენას მეცნიერმა დიდი ღვაწლი დასდო: შექმნა ფუნდამენტური ნაშრომები ამ დარგში. ვ-მ ღრმა სტილისტური და ისტ. ანალიზის საფუძველზე გამოავლინა ქართ. კედლის მხატვრობის ეროვნ. თავისებურებანი, მისი მიმართება ბიზანტ. მხატვრობასთან, მოხატულობათა თემატიკის კავშირი ქვეყნის თანადროულ ისტ. ვითარებასთან. მანვე წამოჭრა ძვ. ქართ. მონუმენტური მხატვრობის რეგიონალური სკოლების არსებობის აუცილებლობა. ვ-ს ეკუთვნის მნიშვნელოვანი ნაშრომები XX ს. ქართ. მხატვრობის თაობაზე. მონაწილეობდა ქართ. ხელოვნებისადმი მიძღვნილ პირველ (1974, ბერგამო) და მეორე (1977, თბილისი) საერთაშ. სიმპოზიუმებში.
თხზ.: გელათი, თბ., 1982 (თანაავტ. რ. მეფისაშვილი, ქართ. და ინგლ. ენებზე); ატენის სიონის მოხატულობა, თბ., 1984 (ქართ. და რუს. ენებზე); Фрагменты древней фресковой росписи Главного Гелатского храма, «ქართული ხელოვნება», 1959, ტ. 5; Фресковая роспись в церкви Архангелов села Земо-Крихи, იქვე, 1963, ტ. 6 (სერია А); Роспись Иерусалимского Крестового Монастыря и портрет Шота Руставели, Тб., 1973; Основные этапы развития грузинской средневековой монументальной живописи, Тб., 1977.
მ. დიდებულიძე