ვირსალაძე კონსტანტინე სპირიდონის ძე (28. I (10.II). 1914, თბილისი, – 13. X. 1992, იქვე), თერაპევტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1952), პროფესორი (1953), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967). ს. ს. ვირსალაძის შვილი. 1936 დაამთავრა თსსი. 1954-იდან იყო ამავე ინ-ტის თერაპიის კათედრის, 1957–87 – ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგე, 1975–85 – თბილ. სამედ. ინ-ტის რექტორი. ვ-მ ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა ეპიდემიოლოგიური კვლევის საფუძველზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები საქართვ. რ-ნებში და შეიმუშავა ამ დაავადებათა პროფილაქტ. ღონისძიებანი; დანერგა კვლევის ენდოსკოპიური მეთოდები გასტროენტეროლოგიაში. მისი თაოსნობით რესპ. კლინ. საავადმყოფოსთან დაარსდა გასტროენტეროლოგიისა და სამკურნ. კვების განყ-ბები (1960), შეიქმნა გასტროენტეროლოგთა რესპ. და თბილ. თერაპევტთა სამეცნ. საზ-ბები (1973). იყო საქართვ. თერაპევტთა სამეცნ. საზ-ბის თავ-რე (1978), თერაპევტთა მსოფლიო ასოციაციის წევრი, სსრკ IX–X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Пилоро-дуоденальные стенозы язвенного происхождения, Тб., 1956.