ვირსალაძე სიმონ (სოლიკო) ბაგრატის ძე [31. XII. 1908 (13. I. 1909), თბილისი, – 7. II. 1989, იქვე], თეატრის მხატვარი. სსრკ სახ. მხატვარი (1976), სსრკ სამხატვრო აკად. ნამდვ. წევრი (1975). შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1989, გარდაცვალების შემდეგ); ლენინური პრემიის ლაურეატი (1970); სტალინური (1949, 1951) და სსრკ სახელმწ. (1977) პრემიების ლაურეატი. სწავლობდა მ. თოიძის სტუდიაში, პარალელურად ესწრებოდა ქორეოგრ. სტუდიის მეცადინეობას. 1927 შევიდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში. დაამთავრა ლენინგრადის სამხატვრო აკადემია (1931). თბილისში დაბრუნების შემდეგ შექმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნამუშევარი, რ-თაგან აღსანიშნავია ზ. ფალიაშვილის „დაისის” სცენური გაფორმება (1936). 1932–36 იყო თბილ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრის მთ. მხატვარი. 1937 ვ. ლენინგრადში (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი) მიიწვიეს, სადაც მხატვრულად გააფორმა ვ. ჭაბუკიანის მიერ დადგმული ბალეტები: ა. ბალანჩივაძის „მთების გული” (1938), ა. კრეინის „ლაურენსია” (1939) და სხვ. ვ-ის შემოქმედებამ მთელი ეტაპი შექმნა თეატრ.-დეკორ. ხელოვნებაში. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრში – პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი” (1934), „გედების ტბა” (1935), მ. მინკუსის „დონ კიხოტი” (1940), „შოპენიანა” (ფ. შოპენის მუსიკაზე, 1943), ა. მაჭავარიანის „ოტელო” (1957), ვ. ა. მოცარტის „დონ ჟუანი” (1964) და სხვ.; ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრში (1940–41 და 1945–62 მთავარი მხატვარი) – ა. გლაზუნოვის „რაიმონდა” (1948; სტალინური პრემია, 1949), დ. კაბალევსკის „ტარასის ოჯახი” (1950; სტალინური პრემია, 1951) და სხვ. განსაკუთრებით მჭიდრო შემოქმედებითი კონტაქტი ჰქონდა ქორეოგრაფ ი. გრიგოროვიჩთან. მოსკოვის დიდ თეატრში მათ ერთად შექმნეს სპექტაკლები: ა. ხაჩატურიანის „სპარტაკი” (1968; ლენინური პრემია, 1970), პ. ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავი” (1973), ა. ეშპაის „ანგარა” (სსრკ სახელმწ. პრემია, 1977) და სხვ. უდიდესი წვლილი მიუძღვის ი. სუხიშვილის სახ. ქართული ნაციონალური ბალეტის მსოფლიო მასშტაბით ტრიუმფალურ წარმატებაში (კოსტიუმების მხატვრობა). 1999 ვ-ის საიუბილეოდ თბილ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრში დაიდგა პ. ჩაიკოვსკის ბალეტი „მაკნატუნა” (ვ-ის კოსტიუმებითა და დეკორაციებით). მოეწყო პერსონალური გამოფენა, დაიბეჭდა ალბომი. მის საცხოვრებელ სახლში, მისივე სახელობის ქუჩაზე, გახსნილია მემორიალური სახელოსნო.
ლიტ.: ლ უ ც კ ა ი ა ე., სოლიკო ვირსალაძე (მხატვარ-დეკორატორი), თბ., 1969; მაჩაბელი კ., სოლიკო ვირსალაძე, თბ., 1984; ნ ა ც ი ა შ ვ ი ლ ი ს., სოლიკო ვირსალაძე დიდ თეატრში, «თეატრალური მოამბე», 1976, №3; ო კ ლ ე ი მ., თეატრის მხატვარი - სოლიკო ვირსალაძე, თბ., 1993; В а н с л о в В., Симон Вирсаладзе, М., 1969.