ვირსალაძე სპირიდონ სიმონის ძე

ს. ვირსალაძე

ვირსალაძე სპირიდონ სიმონის ძე [17 (29). III. 1868, სოფ. ნახშირღელე, ახლანდ. თერჯოლის მუნიციპალიტეტი, – 30. III. 1930, თბილისი], თერაპევტი, მეცნიერული თერაპიის და ტროპიკული მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მედ. მეცნ. დოქტორი (1910), პროფესორი (1919). 1896 დაამთავრა ტომსკის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. 1898–1909 მუშაობდა პეტერბურგში ი. პავლოვის, ა. ნეჩაევისა და ვ. ბეხტერევის ხელმძღვანელობით. 1909 გადმოვიდა თბილისში და დაინიშნა მიხეილის საავადმყოფოს (ამჟამად ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწ. უნ-ტის კლინიკური საავადმყოფო) მთ. ექიმის მოადგილედ და თერაპიული განყ-ბის გამგედ. 1909 მოსკოვში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1919 აირჩიეს თსუ-ის პროფესორად და პათოლ. და თერაპიის კათედრის გამგედ, 1921-იდან სიცოცხლის ბოლომდე განაგებდა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას. ვ. საქართველოში უმაღლესი სამედ. განათლების ერთ-ერთი ორგანიზატორია. მისი თაოსნობით 1916–17 თბილისში დაარსდა ქართვ. ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზ-ბა, რ-მაც დიდი როლი ითამაშა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტის დაარსებაში. იგი იყო პირველი ქართ. სამედ. ჟურნალ „ექიმის” რედაქტორი (შ. მიქელაძესთან ერთად). შეიმუშავა კავკასიაში ტროპ. სნეულებებთან ბრძოლის მეცნ. გეგმა, შექმნა ტროპ. სნეულებათა ცენტრ. სადგური, რ-იც მისივე ინიციატივით 1924 ტროპ. სნეულებათა ინ-ტად გადაკეთდა (ამჟამად ს. ვირსალაძის სახ. სამედ. პარაზიტოლოგიისა და ტროპ. მედიცინის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი). შეისწავლა თავის ტვინის ქერქის გავლენა ნაღვლის გამოყოფაზე. იკვლევდა აგრეთვე აორტის ჰიპოპლაზიისა და წყლულოვანი დაავადების პათოგენეზში მემკვიდრეობითი ფაქტორების როლს. ვ-სვე ეკუთვნის გამოკვლევები კარდიოლოგიის, პულმონოლოგიის, გასტროენტეროლოგიისა და ტროპ. მედიცინის დარგებში.

თხზ.: К вопросу о преждевременной плотности периферических артерий и ოб ее отношении к так называемой аортальной гипоплазии, СПб., 1910.

 ლიტ.: მ ა რ უ ა შ ვ ი ლ ი  გ.,  ა ბ უ ლ ა ძ ე  ს., სპირიდონ ვირსალაძე, თბ., 1969.

ა. არაბული