ვიტელიუსი (Vitellius) ლუციუს (ძვ. წ. 5 – ახ. წ. 51 შემდეგ), სირიის ლეგატი რომის იმპერატორ ტიბერიუსის (14–37) დროს, იმპერატორ ავლუს ვიტელიუსის მამა. ტიბერიუსის აღმ. პოლიტიკის აქტ. გამტარებელი. რამდენჯერმე იყო არჩეული კონსულად. 34 წელს ვ-ის უშუალო მხარდაჭერით ფარნავაზიანმა უფლისწულმა, იბერიის მეფის ფარსმან I-ის ძმამ – მითრიდატემ დიდი სომხეთის ვაკანტური ტახტის დაკავება შეძლო. ვ-მა ლეგიონების მობილიზაციითა და მესოპოტამიის პართიის სამფლობელოებში შეჭრის მუქარით არა მარტო აღკვეთა პართიის მეფის არტაბან III-ის (13–38) დაგეგმილი ლაშქრობა დიდ სომხეთში, არამედ დიპლ. სვლებით აიძულა იგი, სამეფო დაეტოვებინა და ჰირკანიაში გაქცეულიყო. პართელ დიდებულთა დახმარებით არტაბანმა კვლავ დაიბრუნა ტახტი. ტიბერიუსის პრინციპატის ბოლოს მდ. ევფრატზე დაიდო შეთანხმება ვ-სა და არტაბანს შორის, რ-ის თანახმად, პართიის მეფე ცნობდა დიდ სომხეთში მითრიდატე იბერიელის მეფობას. იმპერატორმა გაიუს კალიგულამ (37–41) ვ. აღმოსავლეთიდან გაიწვია.
წყარო: ტაციტუსის ცნობები საქართველოს შესახებ. ლათინური ტექსტი ქართ. თარგმანით, შესავალი ნარკვევითა და კომენტარებითურთ გამოსცა ალ. გამყრელიძემ, თბ., 1973.
ლიტ.: The Cambridge Ancient History, v. 10, Cambr., 1963
ნ. მიწიშვილი