ვიტრი (Vitry) ჟაკ დე (1170–1240), ფრანგი კარდინალი, ისტორიკოსი. ჯვაროსნული ლაშქრობების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი. საინტერესო ცნობები აქვს ქართველების შესახებ: ,,აღმოსავლეთში არის კიდევ ერთი ქრისტიანი ხალხი... მეტად მებრძოლი, ომში მამაცი, მძლავრი აღნაგობის და ძლევამოსილი, ჰყავს ურიცხვი მეომარი, შიშის ზარს სცემს სარკინოზებს. თავისი თავდასხმებით ხშირად დიდ ზიანს აყენებს სპარსელებს, მიდიელებს და ასურელებს, რომელთა მოსაზღვრე მხარეებშიც სახლობს ურწმუნო ხალხებით გარშემორტყმული. ამ ხალხს გეორგიელებს უწოდებენ, რადგან განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობიან და ეთაყვანებიან წმიდა გიორგის, თავიანთ მფარველად და მედროშედ მიაჩნიათ ის ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოლაში და ყველა სხვა წმინდანზე მეტად სცემენ პატივს... უფლის საფლავის მოსალოცად მიმავალნი დროშებგაშლილნი შემოდიან წმინდა ქალაქში და ბაჟს არავის უხდიან. სარკინოზები წყენინებას ვერ უბედავენ... ქართველთა წარჩინებულ ქალებს, ამორძალთა მსგავსად, ომში რაინდებივით იარაღი აქვთ ასხმული...” ვ-ის ცნობაში წმინდა გიორგის კულტთან ერთად ქართველებთან ფაქტობრივად ფიქსირდება წმინდა გიორგის დროშა.
ლიტ.: გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი ტ., მიმოსლვა. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ელ. მეტრეველმა, თბ., 1956; თ ვ ა რ ა ძ ე ა., საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში (XII–XVI საუკუნეთა ისტორიოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე), თბ., 2004.
ა. თვარაძე