ვიტრუვიუსი

ვიტრუვიუსი (Vitruvius), ძვ. წ. I ს. რომაელი არქიტექტორი და ინჟინერი. მისი ნაშრომი „ათი წიგნი არქიტექტურის შესახებ” ერთადერთი ანტ. არქიტ. ტრაქტატია, რ-მაც ჩვენამდე სრული სახით მოაღწია. ტრაქტატში განხილულ სამშ. საინჟ.-ტექ. და სამხატვრო საკითხებში განზოგადებულია ელინისტური საბერძნეთისა და რომის ხუროთმოძღვრების თეორ. და არქიტ. გამოცდილება. დიდი მნიშვნელობა აქვს მის მოსაზრებას არქიტ. ნაწარმოების ტექ., ფუნქციური და ესთეტ. ასპექტის ერთიანობის შესახებ (ნაგებობა უნდა იყოს გამძლე, სარგებლიანი და ლამაზი). ვ-ის ტრაქტატი შუა საუკუნეებში თითქმის სრულიად მიივიწყეს, მაგრამ XV ს-იდან დაიწყეს მისი შესწავლა და თარგმნა მრავალ ენაზე. მან დიდი როლი ითამაშა XVII–XVIII სს. არქიტ. ორდერის კანონიკური ფორმების გამომუშავებაში. ვ-ის ნაშრომში აღწერილია ძვ. კოლხური სახლი – პროტოტიპი შემდეგდროინდელი ქართ. გლეხური დარბაზისა.

თხზ.: Десять книг об архитектуре, пер. Ф. А. Петровского, т. 1, М., 1936.

ლიტ.: М и х а й л о в  Б. П., Витрувий и Эллада, М., 1967.