ვიჭაკი

ვიჭაკი, ხალხური წეს-ჩვეულება – მკითხაობა, გამოცნობა, ახსნა. იმართებოდა ამაღლების წინა დღეს ძვ. თბილ. ყველა უბანში, ვ-ში მონაწილეობდნენ სომეხი და ქართვ. ქალები (გათხოვილი თუ გაუთხოვარი). განსაკუთრებით სადღესასწაულო სახეს ატარებდა ხოჯევანქის სასაფლაოზე გამართული ვ. აქ მონაწილეობის მისაღებად ქალაქიდან მიემართებოდა საგანგებოდ გამოწყობილ-გამოპრანჭულ ქალთა დიდი ნაკადი. ვ. ანიმისტური წეს-ჩვეულება იყო. მასში, გადმოცემის თანახმად, გარდაცვლილთა სულებიც იღებდნენ მონაწილეობას. ამდენად, ხოჯევანქის სასაფლაოზე მოწყობილ ვ-ს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ვ. მეტად მარტივი და პრიმიტიული სახისა იყო. მკითხაობაში მონაწილე რომელიმე ქალიშვილი წყლის ჭურჭლით სისხამ დილით (მზის ამოსვლამდე) გადიოდა შინიდან, ხმის ამოუღებლად შემოივლიდა თავისი უბნის შვიდ წყაროს (ან მტკვრის სხვადასხვა ადგილს), წყლით აავსებდა ჭურჭელს და სამკითხაო ადგილას მიწაზე დაუდგმელად (სიწმინდის დაცვის მიზნით) მიიტანდა. ადგილზე მიტანილ წყალს ასხამდნენ სხვა ჭურჭელში, რ-საც ვ-ში მონაწილენი ფერადი ქსოვილით რთავდნენ (ანდა ჭურჭელში მინდვრის ყვავილებს ყრიდნენ) და, რაც ყველაზე მთავარი იყო, ყველა მონაწილე ქალი წყლის ჩასხმამდე ჭურჭელში დებდა რაიმე ნივთს: ბეჭედს, საყურეს, სამაჯურს, სათითეს, კენჭს და ა. შ. როცა ვ-ის მოსამზადებელი ყველა ცერემონია დამთავრდებოდა, მხოლოდ მაშინ შეეძლო წყლის ჭურჭლის მომტანს ხმის ამოღება. თუ იგი დროზე ადრე ალაპარაკდებოდა, სამკითხაო წყალი თავის „ყოვლისშემძლეობას” კარგავდა და მკითხაობა იშლებოდა. მაშინ მოტანილ წყალს ღვრიდნენ და წესის დამრღვევს ახ. წყლის მოსატანად აგზავნიდნენ. ვ. საღამოჟამს, ნასადილევს, სამხარზე იწყებოდა. მონაწილენი წრიულად სხდებოდნენ და წყლიანი ჭურჭლიდან ნივთების ამომღებად მოჰყავდათ პატარა პირმშო გოგო, რ-საც რაიმე ქსოვილით თვალებს აუხვევდნენ. გოგონა რიგრიგობით იღებდა ჭურჭელში ჩაწყობილ ნივთებს, რ-საც თან სდევდა სიმღერა თათრულ ენაზე (მას თარგმნიდა საგანგებოდ მოყვანილი თათრული ენის მცოდნე). სიმღერის უცხო ენაზე შესრულებას თავისი დატვირთვა ჰქონდა – ეს რიტუალს მეტად ამძაფრებდა. ნამღერი სტროფი წინასწარ აუწყებდა ამა თუ იმ ნივთის პატრონს, თუ რა მოელოდა მომავალში: სიყვარული, ბედნიერება, უბედურება, სატრფოს დაბრუნება, დაკარგული ნივთის პოვნა, სურვილის ასრულება, გათხოვება და ა. შ. ვ. მთავრდებოდა ვახშმით. როგორც ბევრმა საერო თუ საეკლ. წეს-ჩვეულებამ, ვ-მაც დროთა განმავლობაში სახეცვლილება განიცადა. ი. გრიშაშვილი ვ-ის ჩატარების წეს-ჩვეულებას სხვაგვარად აღგვიწერს. მისი გადმოცემით, ვ-თვის განკუთვნილ წყლიან ჭურჭელს სამ დღეს ინახავდნენ და მეოთხე დღეს გამოჰქონდათ. სიმღერა სომხ. ენაზე დაწერილი „ჯანგულების” წიგნის კითხვასთან ერთად სრულდებოდა. როგორც ჩანს, ვ. ამ სახით უკვე გვიან, XX ს. დასაწყისში ხდებოდა ი. გრიშაშვილის უბანში, ხარფუხში.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე  თ., ძველი თბილისის სურათები, თბ., 1980; გ რ ი შ ა შ ვ ი ლ ი  ი., ქალაქური ლექსიკონი, თბ., 1997; «Кавказ», 1856, №41.

თ. ბერიძე