ვლადიმიროვკა

ვლადიმიროვკა, სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ფოკის თემში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ფარავნის ტბის ნაპირას. ზ. დ. 2080 მ, ნინოწმინდიდან 35 კმ. 174 მცხ. (2002). ვ-ის ძვ. სახელია პოპლიკამი. სოფელსა და მის დას-ით არსებულ ნასოფლარში ეკლესია აღარ დგას. სოფლის ჩრდ.-დას-ით, გორაკზე, მშრალი წყობით ნაგები მცირე სიმაგრე და ერთი მენჰირია, იქვეა ნაეკლესიარიც. ვ-იდან მიდის ძვ. გზა სოფ. აბულისაკენ, გზის ორსავე ნაპირზე ყორღანები ჩანს. აბულის ციხის ჩრდ-ით გამავალი ეს გზა აღნიშნულია რომაელი გეოგრაფის კასტორიუსის (ახ. წ. IV ს.) რუკაზე. XX ს. 90-იან წლებამდე ვ-ში დუხობორები ცხოვრობდნენ, რ-ებიც 1841 რუს. მთავრობამ ჩამოასახლა ახალქალაქის მაზრაში.

 ლიტ.: ბე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი  დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი, თბ., 1985.

დ. ბერძენიშვილი