ვოეიკოვი ალექსანდრე ივანეს ძე [8 (20). V. 1842, მოსკოვი, – 27. I (9. II). 1916, პეტროგრადი], რუსი კლიმატოლოგი, გეოგრაფი. პეტერბურგის მეცნ. აკად. წ.-კორ. (1910). 1860 შევიდა პეტერბურგის უნ-ტის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტზე. 1861 სტუდენტთა რევ. მღელვარებასთან დაკავშირებით უნ-ტის დახურვის გამო თავდაპირველად სწავლა განაგრძო ჰაიდელბერგის, შემდეგ – გეტინგენის (გერმანია) უნ-ტში. მრავალჯერ იყო კავკასიაში, ყირიმსა და შუა აზიაში, იმოგზაურა ევროპაში, ამერიკასა და აზიაში. 1871 ვ-მა გერმანულად გამოაქვეყნა კავკ. ფიზ.-გეოგრ. დანაწილების სქემა, რომელშიც ატმ. ნალექების განაწილებისა და ტყის მცენარეულობის ხასიათის გათვალისწინებით გამოყოფილია 8 ოლქი. ეს სქემა საყურადღებოა, როგორც კავკ. ლანდშაფტური დაყოფის პირველი ცდა. 1884 გამოაქვეყნა კაპიტ. ნაშრომი „დედამიწის კლიმატები, განსაკუთრებით რუსეთისა”, რისთვისაც მიიღო რუს. გეოგრ. საზ-ბის დიდი ოქროს მედალი. საქართველოში ვ-მა რამდენჯერმე იმოგზაურა (1898, 1911, 1913 წწ.) და მრავალი შრომა მიუძღვნა ზოგიერთი მხარის ჰავის დეტალურ დახასიათებას. შეისწავლა საქართვ. შავიზღვისპირეთისა და ბორჯომის მიდამოების ჰავა. ამ უკანასკნელის შესწავლის შედეგად დაადგინა მასზე რელიეფისა და მცენარეულობის გავლენა. იწინასწარმეტყველა სამხრ. კავკასიაში მეჩაიეობისა და მეციტრუსეობის განვითარების, ხოლო შუა აზიაში ბამბის ძვირფასი ჯიშების მოყვანის შესაძლებლობა. ვ-მა საყურადღებო მასალა დაგვიტოვა საქართვ. ტერიტორიაზე ატმ. ნალექების განაწილების შესახებაც. ვ-ს მიღებული ჰქონდა რამდენიმე ოქროსა და ვერცხლის მედალი. ვ-ის სახელს ატარებს მყინვარი ჩრდ. ურალში, სრუტე კურილის კ-ებს შორის და მთავარი გეოფიზ. ობსერვატორია (დაარსდა 1849 პეტერბურგში).
თხზ.: Избр. соч., т. 1–4, М.–Л., 1948–57.
ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი შ., ა. ი. ვოეიკოვი. დიდი რუსი კლიმატოლოგი და გეოგრაფი, თბ., 1954.
შ. ჯავახიშვილი