ვოზნესენსკი ანდრია ანდრიას ძე (12. V. 1933, მოსკოვი, – 1. VI. 2010, იქვე), რუსი პოეტი. დაამთავრა მოსკოვის არქიტ. ინ-ტი (1957). პირველი ლექსები დაბეჭდა 1958, პირველი კრებულები „პარაბოლა” და „მოზაიკა” – 1960. ვ-ს პოემამ „ოსტატები” (1959) ყურადღება მიიპყრო მხატვრული წარმოსახვის სიახლით. კრებულები: «40 ლირიკული წიაღსვლა პოემიდან „სამკუთხა მსხალი” (1962), „ანტისამყაროები” (1964), „აქილევსის გული” (1966), „მზერა” (1972) გამოირევა ორიგინ. პოეტური ხედვით, თანამედროვეობის მძაფრი შეგრძნებით. ქართ. თემა ვ-ს პოეზიაში 60-იანი წლებიდან გაჩნდა. მისი ლექსები საქართველოზე და საქართველოსათვის („ქართული არყის ხეები”, „თბილისური ბაზრები”, „მთებში” და სხვ.) თავმოყრილია კრებულში „ივერიის ნათელი” (თბ., 1984). კრებულს ერთვის ავტორისავე წინასიტყვაობა. ვ. თავის ინტერესს საქართველოსადმი გენეტ. კავშირით ხსნიდა (მისი პაპის მამა ქართველი იყო). „საქართველომ გამაოგნა”, – ასე იხსენებს პოეტი თავის პირველ მოგზაურობას საქართველოში. ამ პერიოდში „ლიტერატურნაია გაზეტაში” დაიბეჭდა ვ-ს საქართველოსადმი მიძღვნილი სამი ლექსი. ლექსში „პრადედ” („პაპის მამა”), შემდეგ პოემაში „ანდრეი პოლისადოვი” მოთხრობილია ვ-ს წინაპარზე, რ-იც მურომში ჩამოუყვანიათ და შემდგომში მურომის არქიმანდრიტი გამხდარა. ქართვ. ხალხისადმი სიყვარული პოეტს გამჟღავნებული აქვს ნარკვევში „ერთიანი ცის ქვეშ”. ვ. თარგმნიდა ქართ. პოეზიას – გ. აბაშიძის, ი. აბაშიძის, რ. მარგიანის, შ. ნიშნიანიძის, ი. ნონეშვილის, ლ. სტურუას, ო. ჭილაძის ლექსებს.
თხზ.: Антимиры, М., 1964; Тень звука, М., 1970; Иберский свет, Тб., 1984.