ვოლოგეს (ვ ა ლ ა რ შ) I, პართიის მეფე (51–77), არშაკიდთა საგვარეულოს გვერდითი შტოს წარმომადგენელი. გამეფებისთანავე აქტიურად დაიწყო ბრძოლა დიდ სომხეთში პართიის გავლენის აღდგენისათვის. 51 დიდი სომხეთის მეფე მითრიდატე იბერიელი ღალატით მოკლა თავისმა ძმისწულმა, რადამისტმა, ფარსმან I-ის ძემ. რადამისტის გამეფება ვ-მა სომხეთის დაბრუნებისთვის ხელსაყრელ მომენტად მიიჩნია, რათა სამეფო საკუთარი ძმისთვის, ტირიდატესთვის გადაეცა. 52 იბერიელებმა უომრად დატოვეს ქვეყანა. სომხებმა ვ-ს გადასცეს ქალაქები: არტაქსატა და ტიგრანაკერტი, მაგრამ მკაცრმა ზამთარმა, სურსათის უქონლობამ და ჯარში გავრცელებულმა ეპიდემიამ ვ. აიძულა სომხეთი დაეტოვებინა. ქვეყანაში კვლავ რადამისტი შემოიჭრა, მაგრამ სომეხი დიდებულები აჯანყდნენ და იგი იბერიაში გაიქცა. სომხეთში ისევ ტირიდატე გამეფდა. 58 რომის მხედართმთავრის კორბულონის ლაშქრობის დროს იბერიელები აქტიურად ეხმარებოდნენ რომაელებს, რისთვისაც ფარსმან I-მა სომხ. ტერიტორიის გარკვეული ნაწილიც მიიღო. საბოლოოდ ვ-მ შეძლო დიდი სომხეთის დაკავება და იქ კვლავ ტირიდატეს გამეფება. ამის შემდეგ ტახტს არშაკიდი უფლისწულები ფლობდნენ, თუმცა ფორმალურად დიდი სომხ. მეფე რომის იმპერატორის ვასალად ითვლებოდა.
წყარო: ტაციტუსის ცნობები საქართველოს შესახებ. ლათინური ტექსტი ქართ. თარგმანით და კომენტარებით გამოსცა ა. გამყრელიძემ, თბ., 1973.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; М е л и к и ш в и л и Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959.
ნ. მიწიშვილი