ვოლტერი

ვოლტერი (Voltaire) (ნამდვ. სახელი და გვარი – მარი ფრანსუა ა რ უ ე , Aroue) (21. XI. 1694, პარიზი, – 30. V. 1778, იქვე), ფრანგი განმანათლებელი; პოეტი, პროზაიკოსი, სატირიკოსი, საზ. მოღვაწე. საფრ. აკად. წევრი. წერდა მხატვრულ, ისტ. და ფილოს. თხზულებებს. ვ-ის ფილოს. მოძღვრება მჭიდროდ უკავშირდება მის შეხედულებას რელიგიაზე. იგი იყო დეისტი, იცავდა „ბუნებრივ რელიგიას”. იბრძოდა საეკლ. დოგმების, განსაკუთრებით, ფრანგ. კათოლიციზმის წინააღმდეგ; იცავდა შემეცნების რელატიურობის თვალსაზრისს და ამ საფუძველზე სკეპტიციზ-მამდე მიდიოდა. რელატიურობის პრინციპი შეიტანა ესთეტიკაშიც. პირველმა შემოიღო ტერმ. „ისტორიის ფილოსოფია”. ვ. ცდილობდა კაცობრიობის ისტორია წარმოედგინა როგორც პროცესი, რ-შიც პროგრესი სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლაში იკვლევს გზას. ვ-ის შემოქმედებაში ფრაგმენტულად, მაგრამ მაინც გვხვდება ცნობები საქართველოს შესახებ. როგორც ჩანს, მისთვის ხელმისაწვდომი იყო ანტ. ხანის ავტორთა ზოგიერთი ცნობა კოლხეთის შესახებ, აგრეთვე ევრ. მოგზაურთა, კერძოდ, შარდენის აღმოსავლეთში მოგზაურობის ამსახველი ჩანაწერები. საქართველო ნახსენებია ვ-ის ნაშრომში „ცდა ეროვნებათა ზნე-ჩვეულებებსა და სულზე”. საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები განხილულია ვ-ისა და ეკატერინე II-ის რუსეთ-თურქეთის ომისდროინდელ მიმოწერაში, აქვეა ცნობები მეფე არჩილისა და ალექსანდრე ბატონიშვილის შესახებ. ვ-ის ისტ. ნაშრომებში [„რუსეთის იმპერიის ისტორია პეტრე I-ის მეფობის დროს” (1759–63), „შარლ XII-ის ისტორია” (1731)] არსებული ცნობები, თუნდაც ფრაგმენტული, მოწმობს, რომ მასალები საქართველოს შესახებ იმ წყაროთა შორის იყო, რ-ებითაც ვ. სარგებლობდა ისტ. შრომებზე მუშაობისას. საქართველოში ვ-ის სახელი ცნობილი გახდა XVIII ს. დასასრულს. დაინტრესება მისი განმანათლებლური იდეებით დაიწყო XIX ს. დასაწყისიდანვე. ამ ინტერესმა საქართველოში ვოლტერიანელობის გავრცელება გამოიწვია. როგორც მწერალმა და მოაზროვნემ, ვ-მა უდიდესი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ თანამედროვეებზე, არამედ მომდევნო თაობებზეც. მისი სახელი პროგრ. აზროვნების სინონიმად იქცა. ვ. იხსენიება იოანე ბატონიშვილის „კალმასობაში”, რ-შიც აირეკლა ეპოქის განმანათლებლური იდეები, და დიმიტრი თუმანიშვილის ლექსში „ფას მუხალიფის ხმაზედ”. ქართ. ენაზე ვ-ის თხზულებათა მთარგმნელებს XIX ს. I ნახევარში უფრო მეტად იზიდავდა მისი დრამატურგია, ხოლო ამავე საუკუნის II ნახევრიდან, ქართ. ლიტ-რაში რეალიზმის დამკვიდრების დროიდან, – პროზაული ნაწარმოებები. ვ-ის შემოქმედებით დაინტერესდნენ განმანათლებლური იდეებით გატაცებული ბატონიშვილები – დავითი, იოანე და თეიმურაზი. ვ-ის თხზულებების პირველი მთარგმნელი იყო დავით ბატო-ნიშვილი, რ-მაც თარგმნა პოემა „ტაქტიკა”. იოანე ბატონიშვილმა თარგმნა „აღსარება”, ხოლო თეიმურაზ ბატონიშვილმა – „აღათოკლე”. ვ-ის ნაწარმოებები თარგმნეს აგრეთვე გ. ავალიშვილმა (რამდენიმე პროზაული ნაწარმოები, მ. შ. „ზადიგი ანუ ბედი”), ი. გარსევანიშვილმა (ისტ. ნაშრომები, „ლუი XIV-ისა და ლუი XV-ის მეფობის ისტორია”). ვ-ის ზოგიერთი ლექსი და პიესა უთარგმნია ა. ჭავჭავაძესაც (ყველაზე საინტერესო თარგმანია ტრაგედია „ალზირა ანუ ამერიკელები”). XIX ს. II ნახ. პერიოდულ პრესაში იბეჭდებოდა პ. ყიფიანის („თეატრი”, 1886, №37, 44; 1888, №25), დ. კარიჭაშვილის („თეატრი”, 1888, №216), თ. სახოკიას („ივერია”, 1891, №270) და სხვათა მიერ თარგმნილი ვ-ის ნაწარმოებები. ცალკე წიგნად გამოიცა „ზადიგის” ა. ახნაზაროვისეული (ოზურგეთი, 1891) და „უმანკოს” თ. სახოკიასეული თარგმანები (თბილისი, 1892). ქუთაისში „მერანმა” გამოსცა 1919 ჯ. ჯორჯიკიას მიერ საშ. სასწავლებლებისათვის შემოკლებული ფრანგული ტექსტი თხზულებისა „შარლ XII-ის ისტორია ვოლტერისა”. ამავე პერიოდში დაიბეჭდა ვ-ის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალები: ვ. გუნიას („თეატრი” 1886, №36, 42, 44; 1887, №4, 7), ი. მანსვეტაშვილის („ივერია”, 1886, №236), თ. სახოკიას (წინასიტყვაობა წიგნისა: „ვოლტერი”, „უმანკო”, თბილისი, 1892); გაზეთებში გაშუქდა მწერლის ცხოვრების ზოგიერთი ეპიზოდი, დაიბეჭდა მისი მოსწრებული სიტყვა-პასუხები („ივერია”, 1886, №53, 273, 274, 277). ვ-ზე დაწერილ ძვ. ნაშრომთაგან აღსანიშნავია ზ. ჭიჭინაძის „ვოლტერი” (თბილისი, 1889). ვ-ის გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაზ. „ივერიაში” (1878, №22) დაიბეჭდა ვ. ჰიუგოს მიერ პარიზში წარმოთქმული სიტყვა. ამ პუბლიკაციას წერილით გამოეხმაურა ს. მგალობლიშვილი („ივერია”, 1878, №33). ვ-ის საზ. მოღვაწეობა, კერძოდ, პროტესტანტ ჟ. კალასის დასაცავად წარმოთქმული სიტყვა, გაშუქებულია ა. ნიკიტინის ვრცელ სტატიაში („ივერია”, 1899, №27). ვ-ის მიმართ ინტერესი გრძელდება XX ს-შიც. გამოქვეყნდა გ. სალუქვაძის მიერ თარგმნილი პიესა „ფანატიზმი” (ბათუმი, 1971); რ. დოდაშვილისა და ნ. ქადეიშვილის ნათარგმნი ფილოს. მოთხრობები: „ზადიგი”, „კანდელი”, „ბაბილონის პრინცესა” (თბილისი, 1949, 1992). წიგნს ერთვის გ. ქიქოძის ვრცელი სტატია, რ-შიც მიმოხილულია დიდი ფრანგი განმანათლებლის შემოქმედებითი გზა.

ნ. ორლოვსკაია