ვოლტერიანელობა

ვოლტერიანელობა, ფრანგი მწერლის, ფილოსოფოსისა და განმანათლებლის, ვოლტერის, იდეების მიმდევართა პირობითი სახელწოდება. საქართველოში გავრცელდა რუსეთიდან. ვ-ს აქ ნოყიერი ნიადაგი დახვდა ქართვ. საზ-ბის განათლებული ნაწილის სახით, რ-იც ქვეყნის ხსნის საშუალებად ევრ. კულტ. და მოწინავე იდეების შემოტანას მიიჩნევდა. განმანათლებლური სულისკვეთების მქონე ქართველმა მოღვაწეებმა, განსაკუთრებით ბატონიშვილებმა და მოსკოვ-პეტერბურგის კულტ.-საგანმან. ცენტრების წარმომადგენლებმა, აიტაცეს „ეპოქის მაღელვებელი იდეები” და აუცილებლად მიიჩნიეს მათი საქართველოში გავრცელება. დაიწყეს ვოლტერისა და სხვა განმანათლებელთა თხზულებების თარგმნა, „რამაც მე-18 საუკუნის განმანათლებლობას, კერძოდ, ვოლტერიანობას, კარი გაუღო საქართველოში” (შ. ნუცუბიძე). პირველ ქართვ. ვოლტერიანელად ითვლება დავით ბატონიშვილი, რ-ის გარდაცვალებასაც პეტერბურგის ერთ-ერთი გაზეთი გამოეხმაურა წერილით „ვოლტერიანელის სიკვდილი”. დავით ბატონიშვილმა თარგმნა ფრანგ. ენციკლოპედიაში გამოქვეყნებული რამდენიმე სტატია („სიბრძნის მოქმედება არს კეთილის მოქმედება”, „სეკთათვის”, „კეთილისმოქმედება”, „ანგელოზთათვის”, „ანგელოზთათვის ჰინდუსთა, სპარსელთა და სხვათა”) და თხზულებები: „შობისათვის” (1813–18), „ტაქტიკა” (ფრანგულიდან); აგრეთვე მონტესკიეს მთავარი ნაწარმოები „კანონთა არსი” სათაურით „გულისხმისყოფისათვის სჯულთასა” (1814), რ-იც, მთარგმნელის აზრით, არის „ერთიცა ესე უმჯობესთა წერილთაგანი ყოველსა ევროპასა შინა”. იოანე ბატონიშვილმა რუსულიდან თარგმნა ვოლტერის „აღსარება”, რ-იც პოემა „ბუნებრივი კანონისათვის” ეპილოგია და დედანში „ლოცვა” ეწოდება; თეიმურაზ ბატონიშვილმა თარგმნა „აღათოკლე” (1813–19), ა. ჭავჭავაძეს ფრანგულიდან უთარგმნია „აღსარება”, აგრეთვე პოემა „ტაქტიკა” და ტრაგედია „ალზირა ანუ ამერიკელები”, რ-შიც სარწმუნოებრივი პრობლემა მჭიდროდ უკავშირდება პერუელების ბრძოლას ესპანელი დამპყრობლების წინააღმდეგ. ვოლტერის თხზულებებს თარგმნიდნენ დ. ფურცელაძე (ტრაგედია „ზაირი”, 1831), ი. ზუბალაშვილი („მაჰმადი ანუ ფანატიზმი”, 1846), ი. გარსევანიშვილი („ლუი XIV-ისა და ლუი XV-ის მეფობის ისტორია”, 1838) და სხვ. ცნობილმა მწერალმა, მთარგმნელმა და საზ. მოღვაწემ გ. ავალიშვილმა თარგმნა ვოლტერის ფილოს. მოთხრობები „ზადიგი ანუ ბედი” (1817) და „ქვეყანა, ვითარცა არს, ხილვაჲ ბაბუკასი” (1818). ამ მოთხრობათა იდეა ნათელია: ბრძენი, განსწავლული და სამართლიანი მეფე ხალხს მშვიდობიანსა და ბედნიერ ცხოვრებას შეუქმნის; სიკეთე სწავლული ადამიანების თანამდევია, ბოროტების მოსასპობად სიკეთის გამრავლებაა საჭირო, რაც შესაძლებელია განათლებისა და მეცნ. ცოდნის გავრცელებით. ვოლტერის იდეების მიმართ დიდი ინტერესი გამოიხატა არა მხოლოდ თარგმნითი ლიტერატურით. ამ იდეების გავლენა დაეტყო გარდამავალი მწერლობის არაერთ ორიგინ. ნაწარმოებს, რ-ებშიც აშკარად იგრძნობა პოლიტ. და რელიგ. თვალსაზრისით თავისუფალი აზროვნება. მონტესკიესა და ვოლტერის იდეების კვალი ატყვია ვახტანგ (ალმასხან) ერეკლეს ძე ბაგრატიონის შემოქმედებას. მის თხზულებაში „ეპისტოლენი საქართველოს მეფის ირაკლის ძის ვახტანგისა...” (რუსულად დაიბეჭდა 1812) აისახა განმანათლებლურ მოძღვრებაზე დაფუძნებული იდეები ადამიანთა უფლებების, კერძო საკუთრების, განათლების, „ბუნებრივი სამართლის” შესახებ. იგივე საკითხებია წამოჭრილი გიორგი (იაგორ) ჭილაშვილის ნაშრომშიც „ბუნებითი სჯულის მონახაზი” (დაიბეჭდა რუსულად 1812). ა. ამილახვრის პოლიტ. ტრაქტატი „ბრძენი აღმოსავლეთისა” გაჟღენთილია მოწინავე ევრ. იდეებით ადამიანთა თანასწორობის, ურთიერთშემწყნარებლობის, მშვიდობის, განათლებისა და მეცნ. გავრცელების აუცილებლობის შესახებ. დავით ბატონიშვილის „ახალი შიხი” (1803) ფორმით ჟან-ჟაკ რუსოს „ახალი ელოიზას” გავლენას განიცდის, შინაარსით კი უფრო პოლიტ. ალეგორიად აღიქმება, ვიდრე მიჯნურთა სასიყვარულო მიმოწერად. ფერია საქართველოს ალეგორიაა, ტარტაროზი – რუსეთის, რ-მაც დაატყვევა ფერია. შიხი სანინის სახეში თავად ავტორი, დავით ბატონიშვილი, იგულისხმება, რ-ის გულისტკივილი გაუზიარებელი ტრფობით კი არა, საქართვ. სამეფო სახლის დაცემითაა გამოწვეული; გაისმის მოწოდება აქტ. მოქმედებისაკენ, რაც ქვეყნის გამოხსნის აუცილებლობით არის ნაკარნახევი. „ახალ შიხში” იგრძნობა ვოლტერის დეისტური რელიგ. გავლენაც. დეისტების მსგავსად, დავით ბატონიშვილიც იმ აზრისაა, რომ ჯანსაღი მორალი ბუნების სწორ შემეცნებაზეა დამყარებული. იოანე ბატონიშვილი საქართვ. საზ. ცხოვრების ევრ. ყაიდაზე გარდაქმნის მოსურნე იყო. მისი „სჯულდება” ითვალისწინებდა საქართველოს მართვის, პოლიტ.-საზ. და კულტ.-ეკონ. ცხოვრების რეორგანიზაციას ევრ. ქვეყნების მიბაძვით და ადგილ. ვითარების გათვალისწინებით. თავისებური ენციკლოპედიაა მისი „კალმასობა”, რ-იც ქართვ. მკითხველს იმდროინდელ მეცნ. მიღწევებს აზიარებს. ავტორი საინტერესოდ გადმოსცემს ევრ. განმანათლებლურ იდეებს და მათ განხორციელებას უკავშირებს საქართველოს პოლიტ. ძლიერებასა და კულტ.-ეკონ. აღორ-ძინებას. მისი აზრით, ქვეყანას უნდა მართავდეს განათლებული მონარქი, რ-იც აღკვეთს ფეოდალთა თვითნებობას და მოხელეთა თარეშს; საუკეთესო მმართველობის შესაქმნელად საჭიროა საზ-ბის გონებრივი განვითარება და ზნეობრივი აღზრდა, ევროპულ განმანათლებელთაგან განსხვავებით, იოანე ბატონიშვილი ბატონყმობის მომხრე იყო, მაგრამ ილაშქრებდა გადაგვარების გზაზე დამდგარი თავად-აზნაურების წინააღმდეგ, ამხელდა მათ უვიცობას, უზნეობას, უსამართლობას, ხოლო დაბალი ფენის მიმართ თანაგრძნობას გამოხატავდა.

ლიტ.: ა ს ა თ ი ა ნ ი  ლ., ვოლტერიანობა საქართველოში, ტფ., 1933; კ ი კ ნ ა ძ ე   ლ., გიორგი ავალიშვილის ცხოვრება და შემოქმედება, თბ., 1992;  ლ ა შ ქ ა რ ა ძ ე  დ., ლიტერატურული მერიდიანები, თბ., 1985;  ნ უ ც უ ბ ი ძ ე  შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. 1, თბ., 1956;  М и к а д з е  Г., Очерки из истории грузинской поэтики, Тб., 1974.

ლ. კიკნაძე