ვორონცოვი მიხეილ სიმონის ძე [19(30). V. 1782 – 6 (18). XI. 1856, ოდესა], კავკასიის მეფისნაცვალი და კავკასიის განსაკუთრებული კორპუსის მთავარსარდალი (1844–54). გრაფი, რუს. სახელმწ. მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი (1856). მთავარმართებლობის დროს ვ. ერთგულად ემსახურებოდა კავკ. კოლონიზაციისა და იმპერიასთან სრული შერწყმის საქმეს, მა-გრამ ამას აკეთებდა მოქნილად, მეთოდურად, უპირატესად კულტ. ღონისძიებებით: მისი მმართველობის დროს აღდგა ქართ. თეატრი, გაიხსნა საჯარო ბ-კა, დაარსდა კავკ. გეოგრ. საზ-ბა, სასწ. დაწესებულებები, გამოვიდა გაზ. „კავკაზი”, მნიშვნელოვნად განაშენიანდა თბილისი, აიგო ე. წ. მიხეილის (ვორონცოვის) ხიდი, მოედანი, სადაც 1867 დადგეს ვორონცოვის ძეგლი (აიღეს 1922); ადგილ. მოსახლეობაში რუს. ენის გავრცელების მიზნით სხვა ღონისძიებებთან ერთად ქართვ. თავად-აზნაურთა შვილებს გზავნიდა მოსკოვისა და პეტერბურგის სასწავლებლებში და სხვ. მათი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ვ-მა 1849 მთავრობას მიაღებინა კანონი, რ-მაც მემამულეები გაათავისუფლა სასამართლო ორგანოებში ყმების კუთვნილების შესახებ საბუთების წარდგენის მოვალეობისაგან. ვ-ის ხელშეწყობით დაახლ. 30 ათასი კაცი დამტკიცებულ იქნა თავადაზნაურულ წოდებაში. ცვლილებები მოხდა ამიერკავკასიის ადმ. დანაწილებაში. 1846 წ. 14 დეკემბრის ბრძანებულებით საქართველო-იმერეთის გუბერნიისა და კასპიის ოლქის ნაცვლად შეიქმნა ოთხი გუბერნია: თბილისის, ქუთაისის, შემახისა და დარუბანდის. 1849 კი მათ მიემატა ერევნის გუბერნია. ვ. მეფის უერთგულესი მსახური იყო, სხვა მოხელეთაგან გამოირჩეოდა გამჭრიახი გონებით, განათლებითა და გარკვეული ლიბერალიზმით. არსებობს ე. წ. „თავად ვორონცოვის არქივი”, რ-იც შეიცავს XVIII–XIX სს. რუს. თვალსაჩინო პოლიტ. მოღვაწეების საგვარეულო საბუთებს. არქივში შემონახულია XIX ს. საქართველოს მდგომარეობის ამსახველი ცნობები. მასალა დაცულია მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, ვლადიმირის, ყირიმის, ოდესის არქივებსა და ბ-კებში.
ლიტ.: Архив кн. Воронцова, т. 1–40, СПб., 1870–95 (იხ. “Роспись ...”, М., 1897); А в а л и а н и С. Л., Граф М. С. Воронцов и крестьянский вопрос, т. 1–2, Од., 1912–14; Щ е р б и н и н М. П., Биография генерал-фельдмаршала князя М. С. Воронцова, СПб., 1858.
ნ. ნაკაშიძე