ვორონცოვის მღვიმე, გვიანდელი ენეოლითიდან ადრინდელ ბრინჯაოს ხანაზე გარდამავალი ეტაპის არქეოლოგიური ძეგლი მდ. კუდეფსტას სათავეში (ადლერის რ-ნი; რფ), ზღვიდან 22 კმ-ზე. 1953–54 გაითხარა ორ იარუსად განლაგებული მღვიმეები: ქვედა – „ოჩაჟნი”, ზედა – „კოლოკოლნი” და „ზალოჟენი”. „ოჩაჟნიში” უმთავრესად აღმოჩნდა კაჟის იარაღი (წვეტანები, საფხეკები, სახვრეტები, სამკუთხა ყუნწიანი, სწორფუძიანი, რომბისებრი შუბისა და ისრისპირები). რიყის ქვის ნაწარმიდან აღსანიშნავია წვერწამახული მიწის დასამუშავებელი იარაღი, ე. წ. პიკის ტიპის იარაღი, ცულები, სატეხები. ნაპოვნია, აგრეთვე, ქვის სამაჯურები და კვირისტავები. მურა-ნაცრისფერი ან მოშავო მრგვალძირიანი კერამიკა ხელით ნაძერწია. ჭარბობს უყელო დერგები, ძაბრისებურყელიანი, ბირთვისებურტანიანი ქოთნები. „კოლოკოლნი” და „ზალოჟენი” შედარებით მოგვიანო ხანისაა, მცირე რაოდენობით აღმოჩენილია კაჟის იარაღი, უმთავრესად საფხეკები. ნაპოვნია ერთი ასიმეტრიული ისრისპირი, რიყის ქვის სატეხი და ცული, ძვლის ნემსები, სახვრეტები, საპრიალებელი, სპილენძის მრგვალპირიანი დანა. თიხის ჭურჭელი 2 ტიპისაა: 1. რელიეფური სარტყლით (ე. წ. „მარგალიტოვანი” ამობურცული ორნამენტით) შემკული ყელიანი ქოთნები; 2. ძაბრისებურყელიანი მრგვალძირიანი ჭურჭელი, ისეთივე, როგორც “ოჩაჟნის” მღვიმეში. ვ. მ-ის ნაწარმი მსგავსებას პოულობს მაიკოპის კულტურის კერამიკასთან და აგრეთვე რიონ-ყვირილის აუზის მღვიმეებთან. ლ. სოლოვიოვი ძეგლს ძვ. წ. XXIII–XXI სს-ით ათარიღებ-და. შემდეგი აღმოჩენების გათვალისწინებით ვ. მ. ძვ. წ. IV–III ათასწლ. მიჯნით განისაზღვრა.
ლიტ.: ფ ხ ა კ ა ძ ე გ., დასავლეთი ამიერკავკასია ძვ. წ. III ათასწლეულში, თბ., 1993; С о л о в ь е в Л. Н., Новый памятник культурных связей Кавказского Причерноморья эпохи энеолита и бронзы–Стоянки Воронцовской пещеры, «Труды Абхазского ин-та», 1958, в.29.
გ. ფხაკაძე